ახალი ამბები

კობახიძის განცხადება წარმოადგენს თავდასხმისა და დაშინების მცდელობას – ომბუდსმენი

18 ნოემბერი, 2021 • 2171
კობახიძის განცხადება წარმოადგენს თავდასხმისა და დაშინების მცდელობას – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს და მას მუქარის შემცველად აფასებს.

საუბარია კობახიძის მიერ დღეს, 18 ნოემბერს, გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც სახალხო დამცველის და მის მიერ მოწვეული ექიმების შესაძლო პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით საუბრობს.

სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნული რიტორიკა სცილდება სამართლებრივ ჩარჩოს, წარმოადგენს დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოზე და მის ექსპერტებზე თავდასხმისა და დაშინების მცდელობას.

„ორგანული კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ანიჭებს სახალხო დამცველს უფლებამოსილებას, მოიწვიოს ექსპერტები და სპეციალისტები საექსპერტო საქმიანობის შესასრულებლად. სწორედ ეს უფლებამოსილება გამოიყენა საქართველოს სახალხო დამცველმა 2021 წლის 16 ნოემბერს და მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების შეფასების მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა. აღნიშნულის შემდეგ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტების გარეშე ცდილობს ისაუბროს სახალხო დამცველისა და ექსპერტების „შესაძლო სამომავლო პასუხისმგებლობაზე“ გარკვეული აბსტრაქტული მიზეზებით. აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებზე/ექსპერტებზე ზეწოლის მცდელობას მათი პროფესიული ნიშნით გამოთქმული მოსაზრებების გამო, რომელიც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საერთაშორისო პრინციპებს“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენი მოუწოდებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, ეუთო/ოდირის, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებსა და ომბუდსმენის გაერთიანებებს, შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი და თავიანთი მანდატის ფარგლებში შესაბამისი შეფასება მისცენ მას.

„პარიზის პრინციპებისა და ვენეციის პრინციპების საწინააღმდეგოდ, საქართველოს სახალხო დამცველს ექმნება დაბრკოლებები მისი მანდატის განხორციელებისას და არსებობს რისკი, სამომავლოდ ექსპერტებმა უარი განაცხადონ სახალხო დამცველთან თანამშრომლობაზე.

კიდევ ერთხელ გვსურს მადლობა გადავუხადოთ კვალიფიკაციითა და კეთილსინდისიერებით გამორჩეული სამედიცინო დარგის სპეციალისტებს, რომლებმაც მოახერხეს შემჭიდროებულ ვადებში შეფასების მომზადება. ასევე მოვუწოდებთ შესაბამის პროფესიულ გაერთიანებებს მათი მხარდაჭერისკენ“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა „ფეიკია“.

მისი თქმით, ექსპერტთა ჯგუფს უნდა მოემზადებინა დასკვნა სააკაშვილის შიმშილობის შემდგომი მკურნალობის შესახებ და ის, რომ ეს არ გააკეთეს, მათ პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე მიუთითებს.

მისი თქმით, თუ ამ „ფეიკ“ დასკვნას გაგრძელება მოჰყვა და ის სცენარი დადგა, რისიც მმართველ გუნდს „ეშინია“, გამორიცხული არ არის, სახალხო დამცველისა და ამ ჯგუფში შემავალი ექიმების პასუხისმგებლობა დადგეს.

კობახიძის თქმით, შესაძლოა ომბუდსმენის და ექიმების პასუხისმგებლობა დადგეს

მასალების გადაბეჭდვის წესი