დღეს, 17 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეხვდა. ჰარცელის თქმით, მიესალმება ომბუდსმენის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად სამედიცინო ჯგუფის შექმნას.
„მივესალმები სახალხო დამცველის და მისი გუნდის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ობიექტურად შესაფასებლად შექმნილ დამატებით სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფს, რადგან საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მეთვალყურეობა სწორედ სახალხო დამცველისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უმნიშვნელოვანესი მანდატის ნაწილია“, – წერს ჰარცელი ტვიტერზე.
სახალხო დამცველმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილური სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი მოიწვია.
ჯგუფის მიზანია, ასევე, შეაფასოს, ამჟამად რამდენად შეესაბამება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლების დაცვას N18 სამკურნალო დაწესებულება და იქნება თუ არა ამ დაწესებულებაში ადეკვატური სამედიცინო სერვისის მიწოდება შესაძლებელი პატიმრის მიერ ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ.
მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფში სახალხო დამცველმა მოიწვია სამედიცინო დარგის სპეციალისტები:
- გიორგი გრიგოლია, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი;
- გრიგოლი ხურციძე, შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა;
- გიორგი კაჭარავა, კარდიოლოგი;
- გიორგი პაპიაშვილი, კარდიოლოგი/არითმიოლოგი;
- აიდა გოზალოვა – ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი, პალიატიური მედიცინის სპეციალისტი;
- მამუკა მაჩაიძე, ინფექციონისტი, თერაპევტი;
- თენგო წულაძე, ნევროლოგი;
- ნინო ზავრაშვილი, ენდოკრინოლოგი.
ჯგუფის საქმიანობაში, ასევე, ჩაერთულია სახალხო დამცველის აპარატში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული ექიმი, მედიცინის დოქტორი მერაბ ქავთარაძე.
სამედიცინო ჯგუფის წევრები გუშინ, 4 საათის განმავლობაში, იმყოფებოდნენ გლდანის მე-18 დაწესებულებაში. ისინი საკუთარ დასკვნას დღეს, პრესკონფერენციაზე გაახმოვანებენ.
სახალხო დამცველს კანონმდებლობა აძლევს უფლებამოსილებას, შექმნას მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს სახელმწიფოს მიერ პატიმრისთვის მიწოდებული სამედიცინო სერვისის ეფექტიანობას.
სახალხო დამცველმა სამედიცინო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში მთავრობის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები არ შეუშვეს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 48-ე დღეა შიმშილობს.
ის მზადაა, შეწყვიტოს შიმშილობა იმ შემთხვევაში, თუ მას სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაიყვანენ. მიუხედავად ექიმების მოწოდებისა, ხელისუფლება ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე.