ახალი ამბები

პროკურატურა მოქალაქეებს საფონდო ბირჟასა და კრიპტოვალუტით ვაჭრობის თაღლითურ შეთავაზებებზე აფრთხილებს

17 ნოემბერი, 2021 • 1188
პროკურატურა მოქალაქეებს საფონდო ბირჟასა და კრიპტოვალუტით ვაჭრობის თაღლითურ შეთავაზებებზე აფრთხილებს

საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დანაშაულებრივი სქემის მონაწილე დააკავა.

უწყების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის მონაწილეებმა — საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა — დააფუძნეს და ინტერნეტ სივრცესა და სოციალურ ქსელებში განათავსეს შპს “მარკეტ ბულის” (Market Bull LTD) რეკლამა. ვებ-გვერდზე marketbull.live-ზე კომპანიის საქმიანობის სფეროდ მითითებული იყო კრიპტოვალუტის ბაზარზე ვაჭრობისას საუკეთესო პირობებით მომსახურება.

“საიტზე აღნიშნული იყო, რომ კომპანია ავტორიზებულია და ვაჭრობის შესაბამისი ლიცენზია გააჩნია. აღნიშნულ ინფორმაციაზე დაზარალებულის მხრიდან დაინტერესების გამოხატვის შემდგომ, მას დაუკავშირდა კომპანიის თანამშრომელი, რომელმაც განუცხადა, რომ მათი კომპანია დაინტერესებულ პირებს ეხმარებოდა საფონდო ბირჟაზე მომგებიან ონლაინ ვაჭრობაში.

მან დაარწმუნა დაზარალებული, რომ „ჭკვიანურ ვაჭრობებში“ საკუთარი ფულის ჩადებით შეეძლო მოგების მიღება და ნებისმიერ დროს თავის ბალანსზე არსებული მოგებული თანხის განაღდება. კომპანიის თანამშრომლის თქმით, მათ საქართველოში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდათ და „სავაჭრო“ თანხები დაზარალებულს მისთვის უნდა გადაეცა”, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გამოძიების ცნობით, დაზარალებულმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ეტაპობრივად გადასცა ფულადი თანხა 164 580 აშშ დოლარის ოდენობით, რის სანაცვლოდაც დაზარალებულის ელექტრონული საფულის ანგარიშზე გადარიცხული თანხის ეკვივალენტი კრიპტოვალუტა აისახა.

“დანაშაულებრივი სქემის მონაწილეთა მოთხოვნის შესაბამისად, აღნიშნული კრიპტოვალუტა, ვითომდა სარფიან ვაჭრობებში მონაწილეობის მისაღებად, დაზარალებულის მიერ სრულად იქნა გადარიცხული კომპანიის წარმომადგენლის მიერ კონტროლირებად ანგარიშებზე. პარალელურად, დაზარალებულისთვის მცდარი შთაბეჭდილებების შექმნის მიზნით, ყალბ სავაჭრო პლატფორმაზე, კომპანიის წარმომადგენლები პერიოდულად აფიქსირებდნენ, რომ თითქოსდა დაზარალებულის საქმიანობა იყო მომგებიანი და მისმა მოგებამ შეადგინა 91 643.96 აშშ დოლარი. მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა თანხის განაღდება მოინდომა, ბრალდებულმა და კომპანიის წარმომადგენელმა მოთხოვნაზე უარი განუცხადეს და პლატფორმა, სადაც დაზარალებული ვაჭრობას ახორციელებდა, გააუქმეს”, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დაკავებულს ბრალი წარედგინა სსკ-ის 180-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, – წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება), რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, დანაშაულებრივი სქემის მონაწილეთა, მათ შორის, დანაშაულში ჩართული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დადგენა-გამოვლენის მიზნით, სხვადასხვა ქვეყანაში გაგზავნილია სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობები. საქმეზე გრძელდება გამოძიება.

“გვსურს, გავაფრთხილოთ საქართველოს მოსახლეობა, რომ მთელ მსოფლიოში მომრავლდნენ თაღლითური ჯგუფები, რომლებიც მოქალაქეებს ყალბი ვებ-გვერდებით და შეთავაზებებით საფონდო ბირჟაზე და კრიპტოვალუტის ვითომდა მომგებიან ონლაინ ვაჭრობას სთავაზობენ. მოგიწოდებთ, მსგავსი ტიპის შეთავაზებებთან დაკავშირებით გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და პირველივე შემთხვევისთანავე მიმართოთ სამართალდამცავ სტრუქტურებს”, — მიმართავს პროკურატურა მოქალაქეებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი