ახალი ამბები

“ოცნებას” შევთავაზე ვერსიები, რაც შეიძლება იყოს გამოსავალი – ხოშტარია

17 ნოემბერი, 2021 • 1362
“ოცნებას” შევთავაზე ვერსიები, რაც შეიძლება იყოს გამოსავალი – ხოშტარია

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებთან შეხვედრისას არსებული სიტუაციიდან გამოსასვლელად ვერსიები შესთავაზა. თუმცა, რა ვერსიებზეა საუბარი, ხოშტარია არ აკონკრეტებს.

ელენე ხოშტარიას თქმით, მზადაა ყველა კომუნიკაციისთვის, რომელიც იქნება შედეგზე ორიენტირებული.

„შედეგი არის ვითარების განმუხტვა და არა უბრალოდ ვინმეს მოგება და წაგება და კუნთების თამაში. ამიტომ, ჩემი კარი ღია არის ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერი პარტიიდან, პირველ რიგში, „ქართული ოცნებიდან“, ვისაც ამ ჩიხური სიტუაციიდან უნდა გამოსვლა. ძალიან დეტალურად ვესაუბრე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებ,ს თუ რა არის ჩემი შიმშილობის მოტივაცია და რა არის ის პრინციპული სიმტკიცე, რომელსაც მე არ გადავუხვევ არცერთ შემთხვევაში. ეს არ არის სიჯიუტე, ეს არის ის აუცილებელი ფასი, რომელიც უნდა გადავიხადოთ იმისთვის, რომ გამოვიდეთ ამ ჩიხური ვითარებიდან.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ ჩათვალოს, რომ ეს არის ან პოლიტიკური თამაში, ან ვინმე აპირებს უკან დახევას. მათ უნდა ესმოდეთ, ჩვენ ყველაფერს ვიზამთ, რომ ქვეყანა ჩიხში არ გადავარდეს და ეს სიმტკიცე მე მათ გავუზიარე“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისივე თქმით, ამ კონკრეტულ საკითხში მისი ამოცანა არაა, რომ ვინმე კუთხეში მიიმწყვდიოს.

„თუ ჩვენ მიხეილ სააკაშვილს გადავიყვანთ გლდანის კლინიკიდან, რომელიც არის არაადამიანური მოპყრობის პირობებში, ნებისმიერ სხვა საკითხზე მე ვარ აბსოლუტურად მოქნილი თანამშრომლობისთვის. ეს არ არის საკითხი, სადაც ვინმე აპირებს, რომ უბრალოდ გამარჯვება იზეიმოს ან კუთხეში მიამწყვდიოს მეორე მხარე. მე ვერ მივცემ თავს უფლებას, რომ ვისაუბრო კობახიძის და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ნაცვლად, მე არ ვიცი, მათ რამდენად ესმით სიტუაციის სიმწვავე. იმედს ვიტოვებ, რომ ესმით, მაგრამ არ ვიცი, საბოლოო ჯამში, რა გადაწყვეტილება იქნება. მე ის ვერსიები, რაც შეიძლება იყოს გამოსავალი, მათ შევთავაზე და, რა თქმა უნდა, აქვთ დრო, არცთუ ისე ბევრი, იმისთვის, რომ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღეს, 17 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, მამუკა მდინარაძემ და შალვა პაპუაშვილმა მოშიმშილე ელენე ხოშტარია მოინახულეს.

როგორც შეხვედრის შემდეგ კობახიძემ განაცხადა, ხოშტარიასთან „მეგობრული საუბარი“ ჰქონდა და არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვარიანტი განიხილეს. თუმცა დეპუტატი დეტალებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ „ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის ხელშია“.

მისი თქმით, თუკი სააკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილების მოწოდებას შეასრულებს და შიმშილობას შეწყვეტს, მაშინ ელენე ხოშტარიაც დაასრულებს შიმშილობას.

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია მე-15 დღეა პარლამენტის შენობაში მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი