ახალი ამბები

მწვანე ზონებისა და 200-ლარიანი დახმარების დაანონსების შემდეგ აცრები იმატებს

16 ნოემბერი, 2021 • 1513
მწვანე ზონებისა და 200-ლარიანი დახმარების დაანონსების შემდეგ აცრები იმატებს

9 ნოემბრიდან საქართველოში ყოველდღიური აცრების მაჩვენებელმა იმატა. 8 ნოემბერს საკოორდინაციო საბჭომ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, 60 წელს ზემოთ ადამიანები, ვინც პირველ იანვრამდე აიცრება, 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ. ასევე, 1 დეკემბრიდან საქართველოში ამოქმედდება “მწვანე პასპორტებიც”.

ამ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ყოველდღიური აცრების მაჩვენებელი აგვისტოდან მოყოლებული იკლებდა და საშუალოდ 3-4 ათასის ფარგლებში იყო.

აცრების მაჩვენებელმა 9 ნოემბრიდან დაიწყო მატება. ამ დღეს ქვეყანაში 5 254 ადამიანი აიცრა, 10 ნოემბერს – 6 976, მომდევნო დღეებში კი ვაქცინაციის მაჩვენებელმა წინა კვირებთან შედარებით 2-3 ათასით მოიმატა. 16 ნოემბრის მონაცემებით კი, საქართველოში 8 224 ადამიანი აიცრა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 60 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებში ვაქცინაციის მაჩვენებელი 28%-დან 44%-მდე გაიზარდა.

“60 წლის ზემოთ ფინანსური წახალისების სქემამ, გარკვეულწილად, ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებას მისცა სტიმული. აცრილთა შორის სტრუქტურულად, 28%-დან 44%-მდე გაიზარდა 60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში აცრილ პირთა რიცხვი. ვაქცინაციის გუშინდელი მაჩვენებელი 8 000-ს აჭარბებს, რაც იმედის მომცემია და ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მეტი მატებაა მოსალოდნელი”, – განაცხადა გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ვაქცინაციის მაჩვენებლის მატებასთან დაკავშირებით ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემაც. მისი თქმით, ვაქცინაციის მაჩვენებელი ოდნავ გაუმჯობესებულია. გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 24 საათში 8 224 აცრილიდან ვაქცინის პირველი დოზა 60%-ზე მეტმა გაიკეთა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებში ვაქცინაციის მაჩვენებელი მატულობს. გამყრელიძის ცნობით, ბოლო ერთ კვირაში 60 წელს გადაცილებული 12 ათასზე მეტი ადამიანი აიცრა.

“წამახალისებელმა ღონისძიებებმა ცოტა იმოქმედა და დინამიკა გაჩნდა, თუმცა ერთი კვირა ამისთვის მცირეა, უნდა დავაკვირდეთ და ვნახოთ. მე იმედი მაქვს, რომ ხანდაზმულებში აცრის მაჩვენებელი გაიზრდება. ამისთვის საჭიროა მეტი საკომუნიკაციო კამპანია, მოსახალეობასთან მეტი ინფორმაციის მიტანა და ადგილზე აცრების გაკეთების მეტად ხელშეწყობა”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი