ახალი ამბები

ევროკომისიამ საქართველოს კოვიდპასპორტები აღიარა

15 ნოემბერი, 2021 • 1125
ევროკომისიამ საქართველოს კოვიდპასპორტები აღიარა

განახლება: ევროკომისიამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს კოვიდპასპორტების აღიარების შესახებ.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, შესაბამისი დოკუმენტი კომისიის ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების სერთიფიკატს, შეძლებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილებას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობიტვე, საქართველოს მიერ გაცემული კოვიდსერტიფიკატი ვაქცინაციის, ტესტებისა და კოვიდისგან გამოჯანმრთელების შესახებ აღიარებულია ევროკავშირის მიერ და გათანაბრებულია ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციით გაცემულ სერტიფიკატებთან, რომლის მიზანიცაა ადამიანთა თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობა ევროკავშირის ტერიტორიაზე.


ოლივერ ვარჰეი, ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, აცხადებს, რომ ევროკომისია საქართველოს გაცემულ კორონავირუსის სერტიფიკატებს აღიარებს.

ოლივერ ვარჰეიმ 15 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დაწყების წინ განაცხადა, რომ:

ჩვენ მივიღებთ მოლდოვის, საქართველოს და სერბეთის მიერ გაცემული Covid-19-ის სერტიფიკატების ეკვივალენტურობის შესახებ გადაწყვეტილებას“.

ვარჰეის თქმით, ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირში მოგზაურობა ამ ქვეყნების, – მათ შორის საქართველოს, – მოქალაქეებისათვის გამარტივდება და პირიქით, ევროკავშირის მოქალაქეებიც უფრო მარტივად შეძლებენ მოგზაურობას აღნიშნულ ქვეყნებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი