ახალი ამბები

მოსამართლე კოჭლამაზაშვილის აცილება მოვითხოვეთ – საძაგლიშვილი

15 ნოემბერი, 2021 • 1303
მოსამართლე კოჭლამაზაშვილის აცილება მოვითხოვეთ – საძაგლიშვილი

დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, დღევანდელ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმამოითხოვეს  მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის აცილება. ამის შესახებ საძაგლიშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

დღევანდელ პროცესზე საბიუჯეტო თანხების [დაახლოებით 8.8 მლნ ლარის] გაფლანგვის საქმე განიხილებოდა.

მისი თქმით, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა მიიღო სააკაშვილის პროცესზე დასწრების გადაწყვეტილება, რომლის შესრულებაც თავად ვერ უზრუნველყო. საძაგლიშვილის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე მოსამართლის აცილების შუამდგომლობის არდაყენება ადვოკატების მხრიდან არასწორი ნაბიჯი იქნებოდა:

“ყველამ კარგად ვიცით და მოლოდინიც არ გვქონია, რომ ბადრი კოჭლამაზაშვილი მიუკერძოებელი და პრინციპულობით გამორჩეული მოსამართლე დაგვხვდებოდა, წინააღმდეგობას გაუწევდა სახელმწიფო სისტემას. ამის ილუზია არ გვქონია, მაგრამ სასამართლო სხდომის დარბაზში წარმართულმა მოვლენებმა ცალსახად დაადასტურა, რომ ამ მოტივით აცილების შუამდგომლობის არდაყენება ჩვენი მხრიდან არასწორი იქნებოდა და ამიტომ მოვითხოვეთ მისი აცილება. ამის ყველანაირი საფუძველი არსებობდა. ელემენტარული, მოსამართლემ, რომელიც საქმეზე, რომელსაც თვითონ წარმართავს და თვითონ იხილავს ფორმალურად, ვერ უზრუნველყოფს საკუთარი გადაწყვეტილებების შესრულებას, როგორ უნდა გააგრძელოს ამ საქმის განხილვა”, – განმარტა საძაგლიშვილმა.

სააკაშვილის საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრებასთან დაკავშირებით პენიტენციურმა სამსახურმა უარი განაცხადა. ამასთან დაკავშირებით უწყებამ განცხადება დღეს, 15 ნოემბერს, პროცესის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გაავრცელა. პენიტენციურის განმარტებით, მათ სუს-სგან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სასამართლოში გადაყვანის პროცესში ოპოზიციის წარმომადგენლები გზების გადაკეტვას შეეცდებოდნენ, რაც გამოიწვევდა უკონტროლო სიტუაციას, ქაოსსა და “შექმნილი ვითარება ხელს შეუშლიდა მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს”:

“სააკაშვილის წარმოდგენა სასამართლო სხდომის დარბაზში, მისი უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული”, – განმარტა პენიტენციურმა.

სააკაშვილს, რომელიც 1 ოქტომბრიდან, დაკავების დღიდან შიმშილობს, პროცესზე ფიზიკურ სივრცეში დასწრების საშუალებას არ აძლევენ.

სააკაშვილს თავისივე პროცესზე დასწრების საშუალებას ისევ არ აძლევენ

მასალების გადაბეჭდვის წესი