ახალი ამბები

ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება — ენმ შსს-ს პასუხობს

15 ნოემბერი, 2021 • 1101
ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება — ენმ შსს-ს პასუხობს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შსს-ს მოუწოდებს, უზრუნველყოფს დღეს, 15 ნოემბერს, მათ მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციის უსაფრთხოება და შეიმუშაოს ქალაქში ავტომობილის გადაადგილების ალტერნატიული მარშრუტი.

ენმ-ის განცხადებას წინ უწძღოდა შსს-ს გაფრთხილება, რომლის მიხედვითაც, ქალაქში სატრანსპორტო მოძრაობის გადაკეტვისას, საჭიროების შემთხვევაში, პოლიცია გამოიყენებს პროპორციულ ძალას და სპეციალურ საშუალებებს.

დღეს, 14:00 საათზე, ენმ მეტროსადგურ „ავლაბართან“ იკრიბება, საიდანაც მსვლელობით გეგმავენ მტკვრის ორივე სანაპიროზე მოძრაობის ჩაკეტვას.

„საქართველოს კონსტიტუციიის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია შეკრების თავისუფლება, „ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება”.

ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება. შესაბამისად, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, არა მხოლოდ დაიცვას მშვიდობიანი შეკრება, არამედ განახორციელოს სათანადო ღონისძიებები პირთა მიერ ხსენებული უფლების ეფექტიანი რეალიზების უზრუნველსაყოფად.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ საჯარო განცხადებით წინასწარ იქნა გაფრთხილებული ყველა შესაბამისი ორგანო, რომ ზემოხსნებული მშვიდობიანი მსვლელობა გაიმართებოდა შეზღუდული დროის მონაკვეთში, 15:00 საათიდან 17:00 საათამდე.

წინასწარი გაფრთხილების მექანიზმის არსებობის ერთადერთი მიზანია სახელმწიფო ორგანოებისათვის შესაძლებობის მიცემა, მიიღოს სათანადო ზომები, რათა უზრუნველყოს შეკრებისა ან/და მანიფესტაციის უფლების განხორციელება.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის სტრუქტურებს, უზრუნველყონ შეკრების მშვიდობიანად ჩატარება და კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება. კერძოდ, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, „შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და ტრანსპორტის სავალი ალტერნატიული მარშრუტის განსაზღვრა“, – წერია ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ შს სამინისტროს განცხადება: შსს ოპოზიციას აფრთხილებს, სანაპიროები არ გადაკეტონ

მასალების გადაბეჭდვის წესი