ახალი ამბები

შსს ოპოზიციას აფრთხილებს, სანაპიროები არ გადაკეტონ

15 ნოემბერი, 2021 • 1408
შსს ოპოზიციას აფრთხილებს, სანაპიროები არ გადაკეტონ

შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ დაგეგმილ აქციას და მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების, სატრანსპორტო კვანძების დაგეგმილ გადაკეტვას – აცხადებს, რომ ეს ქმედება აკრძალულია, პატიმრობით ისჯება და საჭიროების შემთხვევაში პროპორციულ ძალას და სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებენ.

15 ნოემბერს, 10:30 საათზე გავრცელებულ განცხადებაში შსს წერს, რომ ოპოზიციის დღევანდელი აქციის გაცხადებული მიზანია თბილისში სატრანსპორტო კოლაფსის გამოწვევა.

შსს მიუთითებს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლზე, რომლის თანახმადაც „შეკრების მონაწილეებს ეკრძალებათ განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისთვის“.

„ამავე კანონის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით გადაკეტვა“, – წერს სამინისტრო.

შსს აცხადებს, რომ დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შეახსენებს: „ზემოაღნიშნული წესების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად“.

ამასთან, შსს სისხლის სამართლის კოდექსზეც მიუთითებს:

„გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, ასევე, ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება და აგრეთვე ასეთ მოქმედებაში აქტიური მონაწილეობა“.

შსს-ს ცნობით, ეს დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე აქციების და შეკრებების დროს მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, პატივი სცენ პოლიციელთა პროფესიულ საქმიანობას, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი.

კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან მყისიერად იქნება აღკვეთილი და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.
ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ პროპორციულ ძალას და სპეციალურ საშუალებებს“, – წერია განცხადებაში.


ნიკა მელიამ 15 ნოემბერს 14:00 საათზე ავლაბრის მეტროსთაან დააანონსა საპროტესტო აქციის მონაწილეთა შეკრება, რის შემდეგაც ოპოზიცია მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს დროებით გადაკეტვას გეგმავს პროტესტის ნიშნად.

დემონსტრაცია მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას უკავშირდება.

ექპრეზიდენტი სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს თბილისში და მას შემდეგ შიმშილობა აქვს გამოცხადებული.

მისი გათავისუფლებისა და სამოქალაქო ჰოსპიტალში გადაყვანის მოთხოვნით ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქციები.

სააკაშვილი რამდენიმეკვირიანი შიმშილობის შემდეგ, გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც 11 ნოემბერს გავრცელებულ კადრებში გამოჩნდა, ის ძალის გამოყენებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს მე-18 დაწესებულებაში.

სააკაშვილი, მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები, ექსპრეზიდენტის გადაყვანას ითხოვენ სამოქალაქო კლინიკაში .

მასალების გადაბეჭდვის წესი