ახალი ამბები

გოგა ონიანი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს

14 ნოემბერი, 2021 • 1906
გოგა ონიანი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, გოგა ონიანი გორის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობაში” ადასტურებენ.

როგორც პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს “ნეტგაზეთს”, ონიანი კლინიკაში იშემიის ნიშნებისა და ჰიპერტენზიის ფონზე გადაიყვანეს. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.

“ექიმების გადმოცემით, არასტაბილური სტენოკარდია აქვს. ის შეუძლოდ გახდა, როდესაც იზოლატორში გადაიყვანეს, შეყვანისთანავე ცუდად გახდა”, – უთხრა “მთავარ არხს” ონიანის ადვოკატმა, რომელმაც ის კლინიკაში მოინახულა.

გოგა ონიანი 10 ნოემბერს თბილისში, ადმინისტრაციულ შენობებთან მიმდინარე აქციებზე დააკავეს. მას სასამართლომ 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

10 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებზე საერთო ჯამში 46 ადამიანი დააკავეს.

“იქ, სადაც აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, ასევე შეეცადნენ ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირებას, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით, ჯამში, 46 პირი დააკავა”, — განმარტეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი