ახალი ამბები

„მედიააკადემიამ“ საჯარო ინფორმაცია უნდა გასცეს — სააპელაციოს დასაბუთება

12 ნოემბერი, 2021 • 1057
„მედიააკადემიამ“ საჯარო ინფორმაცია უნდა გასცეს — სააპელაციოს დასაბუთება

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ უკანასკნელმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დაფუძნებულ “მედიააკადემიას” დაავალა საჯარო ინფორმაციის გაცემა საშტატო ნუსხისა და ფინანსების შესახებ.

აღნიშნული ინფორმაცია  „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ [IDFI] გასულ წელს გამოითხოვა, თუმცა, უშედეგოდ.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება 20 ოქტომბერს გამოიტანა, მაგრამ დასაბუთება ამ დრომდე არ იყო გამოქვეყნებული.

რა იყო დავის საგანი

3 სხვადასხვა სახის ინფორმაცია, რომელიც შემდგომ დავის საგანი გახდა, IDFI-მ გასულ წელს გამოითხოვა. მათ შორის იყო “მედიააკადემიის” თანამშრომლების საშტატო ნუსხა და მასში მოქმედი სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციების განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტების ასლები, ასევე, ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია.

IDFI ამბობდა, რომ “მედიააკადემიამ”, რომელიც მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით კომუნიკაციების კომისიამ დააფუძნა, ზემოაღნიშნული ინფორმაციის მიწოდებაზე ორგანიზაციას  უარი უთხრა.

ორგანიზაციის გადმოცემით, “მედიააკადემიამ” ინფორმაციის გაუცემლობის მიზეზად დაასახელა გარემოება, რომ ის არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს.

IDFI განმარტავდა, რომ “მედიააკადემია” კანონის საფუძველზე, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად დაფუძნდა და ადმინისტრაციული ორგანოს, კომისიის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

შესაბამისად, ორგანიზაცია მიიჩნევდა, რომ მასზე უნდა გავრცელებულიყო კანონით დადგენილი გამჭვირვალობის სტანდარტები და ის მოთხოვნები, რასაც კანონი საჯარო დაწესებულებების მიმართ ადგენს.

ორგანიზაციამ ინფორმაციის გაცემაზე უარი თავდაპირველად კომუნიკაციების კომისიაში გაასაჩივრა, შემდეგ კი, 2020 წლის 7 აპრილს —  თბილისის საქალაქო სასამართლოში.

“[IDFI-მ] მოითხოვა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოპასუხისათვის დავალდებულება, რამდენადაც დელეგირების საფუძველზე “მედიააკადემია” წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ორგანოს ფუნქციონალური გაგებით”, — ამბობს ორგანიზაცია.

2021 წლის 25 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნათია ბუსკაძემ დააკმაყოფილა IDFI-ს სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხე მხარეს დაავალა მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა.

დავა მეორე ინსტანციაში

პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა.

IDFI-ს თქმით, სააპელაციო დავის მიმდინარეობისას ორგანიზაცია სასამართლოს ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ ა(ა)იპ „მედიააკადემია“ შექმნილია მედიაწიგნიერების სფეროში, კანონის საფუძველზე, კანონით გაწერილი ფუნქციების შესასრულებლად და მას მოქმედება შეუძლია მხოლოდ კანონით მინიჭებული უფლება-მოვალეობების ფარგლებში.

“ამავდროულად, მისი დაარსების მიზანიც და საფუძველიც კანონმდებლობით დადგენილი კომისიის ფუნქციის – ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობაა, რის გამოც ის ფუნქციური გაგებით ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს”.

IDFI-ს მიხედვით, “მედიააკადემია” აცხადებდა, რომ კანონით გათვალისწინებული კომისიის ფუნქცია (მედიაწიგნიერების ხელშეწყობა) არ წარმოადგენდა საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას, მის ძირითად არგუმენტს კი იმ გარემოებაზე ამყარებდა, რომ „მედიააკადემია” საქმიანობისა და ორგანიზაციული მოწყობის კერძო-სამართლებრივ ფორმებს იყენებს:

“აპელანტი[“მედიააკადემია”] ასევე ავითარებდა მოსაზრებას, რომ საკანონმდებლო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც „საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობა” კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფუნქციას წარმოადგენს (რაც შემდგომში ნაწილობრივ „მედიააკადემიას“ გადაეცა დელეგირების გზით), ამ უფლებამოსილებას ავტომატურად საჯაროდ არ აქცევდა. აპელანტი ასევე მიუთითებდა იმ ფაქტზე, რომ „მედიააკადემია“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას არ იღებს”.

“2021 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიულ პირი (“მედიააკადემია”) სასამართლომ ფუნქციონალური გაგებით ადმინისტრაციულ ორგანოდ მიიჩნია და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის საფუძველზე საჯარო ინფორმაციის გაცემა დაავალა”, — აღნიშნავს ორგანიზაცია.

სააპელაციოს დასაბუთება

ორგანიზაცია ამბობს, რომ მოსამართლემ სრულად გაიზიარა მისი არგუმენტები და განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ცნების განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია მისი ფუნქციონალური გაგება.

“[სასამართლომ] განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ცნების ლეგალური დეფინიცია ორი ნაწილისაგან შედგება.

დეფინიციის პირველი ნაწილი მოიცავს ყველა სახელმწიფო მმართველობის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, აგრეთვე – საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს. როდესაც ეს სუბიექტები ასრულებენ საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს, ისინი წარმოადგენენ ადმინისტრაციულ ორგანოს სზაკ-ის გაგებით.

ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციური გაგება, რომელიც ცნების დეფინიციის მეორე ნაწილშია მოცემული, აერთიანებს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც არ არიან სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა სისტემის სუბიექტები, მაგრამ კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებენ საჯარო-სამართლებრივ უფლებებს.

Სწორედ საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში განიხილებიან კერძო სამართლის იურიდიული პირები ადმინისტრაციულ ორგანოებად და ამ დროს არიან ვალდებულნი მიიღონ გადაწყვეტილებები და ან განახორციელონ ქმედებები ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.

Სასამართლო დაეთანხმა IDFI-ს მსჯელობას, რომ პირის საჯარო დაწესებულებად მიჩნევისთვის დაფინანსების წყარო არ არის მთავარი კრიტერიუმი”, — ვკითხულობთ IDFI-ს პრესრელიზში.

რაც შეეხება უშუალოდ მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილს, სასამართლომ მიიჩნია, რომ:

“ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია, რათა განხორციელებულ იქნეს დემოკრატიულ საზოგადოებაში უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი მონიტორინგის ფუნქცია.

ცალსახაა, რომ ამ მიმართულებით მომუშავე უწყებების მხრიდან საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვა მათი საზოგადოებრივი მეთვალყურეობის ფუნქციებში ჩარევად აღიქმება.

ამდენად, ა(ა)იპ „მედიააკადემია” ვალდებული იყო, მოსარჩელისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია განცხადებით მოთხოვნილ საკითხებთან მიმართებით”.

IDFI-ს ხედვით, დავის ამგვარი გადაწყვეტა მნიშვნელოვანია პრაქტიკის პოზიტიურად განვითარების თვალსაზრისით.

მასალების გადაბეჭდვის წესი