ახალი ამბები

სამადაშვილის თქმით, ევროპელ პოლიტიკოსებს სააკაშვილთან შესახვედრად თანხმობას არ აძლევენ

12 ნოემბერი, 2021 • 1289
სამადაშვილის თქმით, ევროპელ პოლიტიკოსებს სააკაშვილთან შესახვედრად თანხმობას არ აძლევენ

ფრაქციის „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად ევროპელ პოლიტიკოსებს იუსტიციის სამინისტრო თანხმობას არ აძლევს.

ამის შესახებ მან გლდანის მე-18 დაწესებულებასთან განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად და ევროპელი პოლიტიკოსების წერილის გადასაცემად მივიდა.

„სამწუხაროდ, ახლა, 6 საათაზე სრულდება შესვლის შესაძლებლობა ციხეში და მათ ამ წუთამდე არ მიუღიათ უფლება, რომ მიხეილ სააკაშვილი მოინახულონ საპატიმროში. მიმაჩნია, რომ ეს არის პირდაპირ ხელისუფლების მცდელობა, ფაქტობრივად, იზოლაციაში ამყოფოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომლისთვისაც ევროპელ პოლიტიკოსებთან საპატიმროში პირადად შეხვედრა იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დღეს, 12 ნოემბერს საქართველოში ვიზიტით სამი ევროპელი პოლიტიკოსი ჩამოვიდა. მათ შორისაა ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა და ლიეტუვის სეიმის ორი წევრი.

ნეტგაზეთი იუსტიციის სამინისტროს დაუკავშირდა და მათგან განმარტებას ელოდება, თუ რატომ ვერ შედიან სააკაშვილთან საქართველოში მყოფი ევროპელი პოლიტიკოსები.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. მისი განცხადებით, ის აქ მოტყუებით გადაიყვანეს. სააკაშვილი 43-ე დღეა შიმშილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი