ახალი ამბები

რა პოზაში გადამიყვანია პაციენტი, იცით? ზურგზეც მომიკიდებია – ლადო კახაძე

12 ნოემბერი, 2021 • 1536
რა პოზაში გადამიყვანია პაციენტი, იცით? ზურგზეც მომიკიდებია – ლადო კახაძე

„ქართული ოცნების“ პარლამენტარი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ექიმი ლადო კახაძე მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალის გამოყენებით გადაყვანის კადრებს ასე გამოეხმაურა:

„მე რა პოზაში გადამიყვანია პაციენტი ერთი ადგილიდან მეორეში, იცით? ზოგჯერ ზურგზე მომიკიდებია, ზოგჯერ ხუთ კაცს აგვიყვანია უხერხული პოზით. მთავარი იყო, რომ ის ადამიანი ადგილზე მიგვეყვანა, რომ გვეშველა“, – თქვა კახაძემ.

„პაციენტი თუ საჭიროებს ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გადაყვანას, და თუ ეს ყველაფერი არის სასწრაფო, მაშინ გასაგებია“, – განაცხადა კახაძემ 11 ნოემბერს ტელეარხ „ჯორჯიან ტაიმსთან“ ინტერვიუში.

„პრეზიდენტი მაშინ არის ღირსეული, როდესაც ჩვეულებრივი მოქალაქისგან არაფრით არ განსხვავდება და არ იკადრებს მოქალაქეზე ზევით დადგომას ან ზემოდან ყურებას“, – განაცხადა ასევე კახაძემ.

11 ნოემბერს გავრცელდა კადრები, რომლებიც ასახავს ძალის გამოყენებით მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას.

მიხეილ სააკაშვილის იძულებით გადაყვანის კადრების გავრცელების შემდეგ პენიტენციურმა კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ციხეში გადაყვანამდეა გადაღებული. ვიდეოში ისმის, როგორ ითხოვს სააკაშვილი რუსთავის ციხეში დაბრუნებას და უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში საკუთარი ნებით შესვლაზე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება და მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტონ მსგავსი ინფორმაციის შემცველი ვიდეოჩანაწერების გავრცელება.

მასალების გადაბეჭდვის წესი