ახალი ამბები

IRCT: სააკაშვილი წამების მომეტებული საფრთხის ქვეშაა

11 ნოემბერი, 2021 • 1110
IRCT: სააკაშვილი წამების მომეტებული საფრთხის ქვეშაა

„წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრი“ (IRCT) მიხეილ სააკაშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს და ყოფილი პრეზიდენტის მიმართ არასათანადო მოპყრობას გმობს:

„IRCT გმობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობას მას შემდეგ, რაც მოშიმშილე პატიმარი ძალის გამოყენებით გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში, სადაც მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება“, — აცხადებენ ორგანიზაციაში.

IRCT-ის გენერალური დირექტორის, ლიზა ჰენრის თქმით, ორგანიზაცია შეშფოთებულია წამების მომეტებული საფრთხით, რომლის წინაშეც ყოფილი პრეზიდენტია, და ხელისუფლებას მოუწოდებს, დაიცვან და პატივი სცენ მის ფუნდამენტურ უფლებებს.

განცხადებაში ორგანიზაცია იმოწმებს სახალხო დამცველის აპარატის განცხადებებსაც. კერძოდ, 8 ნოემბერს ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს, რითაც უხეშად დაირღვა ადამიანის უფლებები, რადგანაც სააკაშვილი გლდანის ციხის პატიმრების მხრიდან შევიწროების სერიოზული რისკის ქვეშაა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პირველ ოქტომბერს დააკავეს თბილისში და მას შემდეგ შიმშილობს, გლდანის ციხის საავადმყოფოში (მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში) 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

მთავრობა უარს აცხადებდა სამოქალაქო საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანაზე და აცხადებდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილს სწორედ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში (ციხის საავადმყოფოში) გადაიყვანდა.

თუმცა, სახალხო დამცველის თქმით, აღნიშნულ დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამება კონსილიუმის გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს. გლდანის კლინიკაში გადაყვანას ეწინააღმდეგებოდა თავად სააკაშვილიც. ის აცხადებს, რომ იქ მოტყუებით გადაიყვანეს.

იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა გლდანის ციხის საავადმყოფოში (მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში) მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის ამსახველი კადრები.

მასალების გადაბეჭდვის წესი