ახალი ამბები

ეს არის მტრის, ოკუპანტის გულის მოგება — ხაზარაძე სააკაშვილის კადრებზე

11 ნოემბერი, 2021 • 887
ეს არის მტრის, ოკუპანტის გულის მოგება — ხაზარაძე სააკაშვილის კადრებზე

„ლელოს“ დამფუძნებელი და ლიდერი მამუკა ხაზარაძე ეხმაურება პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის კადრების გამოქვეყნებას.

„მხოლოდ სირცხვილი არ არის ის გრძნობა, რომელიც გეუფლება ასეთი კადრების ნახვის დროს, კადრების, როდესაც ათრევენ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს ის.

ეს არის მტრის, ოკუპანტის გულის მოგება, მათთან დაუფარავი კავშირის აღიარება, იმის ღია მტკიცებულება, რომ ოცნების ხელისუფლება დავალებას გულმოდგინედ ასრულებს, რომელიც ჩვენ თვალწინ ათრევს და ფეხქვეშ თელავს პრეზიდენტის ინსტიტუტს, ადამიანის ღირსებას, თავისუფლებას. ყველაფერს იმას, რაც ასე ძვირფასია ჩვენი მოქალაქისთვის და სახელმწიფოსთვის“, — წერს ხაზარაძე ფეისბუკზე.

საუბარია დღეს გამოქვეყნებულ ორ ვიდეოზე. პირველ ვიდეოში, ჩანს მიხეილ სააკაშვილის იძულებითი გადაყვანის კადრები.

წინა ვიდეო, სავარაუდოდ, სათვალთვალო კამერით არის გადაღებული და მასში ხმა არ ისმის.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული კადრები, რომლებიც ასახავს სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალის გამოყენებით გადაყვანას, ადასტურებს ყველაფერს, რაზეც აქამდე საუბრობდნენ:

„ჩვენი განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილი გაიტაცეს, რომ მიხეილ სააკაშვილზე იძალადეს, რომ მიხეილ სააკაშვილი მოატყუეს და გლდანის მე-18 დაწესებულებაში კანონდარღვევით შეიყვანეს და კრიმინალი ჩაიდინა მინისტრით დაწყებული, იმ თითოეული თანამშრომლით დასრულებული, ვინც ამაში მონაწილეობას იღებდა, ყველამ, ამ კადრებით დასტურდება“, – განუცხადა ბექა ბასილაიამ „ნეტგაზეთს“

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება და მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტონ მსგავსი ინფორმაციის შემცველი ვიდეოჩანაწერების გავრცელება.

სააკაშვილის იძულებით გადაყვანის კადრების შემდეგ პენიტენციურმა კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც, ციხეში გადაყვანამდეა გადაღებული. ვიდეოში ისმის, როგორ ითხოვს სააკაშვილი რუსთავის ციხეში დაბრუნებას და უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში საკუთარი ნებით შესვლაზე.

„დამაბრუნეთ რუსთავის ციხეში“ – იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილის მორიგ ვიდეოს აქვეყნებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი