ახალი ამბები | ,

„დამაბრუნეთ რუსთავის ციხეში“ – იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილის მორიგ ვიდეოს აქვეყნებს

11 ნოემბერი, 2021 | | 1130
„დამაბრუნეთ რუსთავის ციხეში“ – იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილის მორიგ ვიდეოს აქვეყნებს

იუსტიციის სამინისტრომ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოწოდების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის მორიგი ვიდეო გამოაქვეყნა.

ახალ ჩანაწერში, რომელიც 2 წუთსა და 32 წამს გრძელდება, ჩანს, სავარაუდოდ, ეპიზოდი, როდესაც სააკაშვილი მიიყვანეს გლდანის ციხის საავადმყოფოსთან (მე-18 სამედიცინო დაწესებულებასთან).

ვიდეოში ისმის, როგორ ითხოვს სააკაშვილი რუსთავის ციხეში დაბრუნებას და უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში საკუთარი ნებით შესვლაზე.

მანამდე, რამდენიმე საათით ადრე, იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა გლდანის ციხის საავადმყოფოში (მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში) მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის ამსახველი კადრები.

წინა ვიდეო, სავარაუდოდ, სათვალთვალო კამერით არის გადაღებული და მასში ხმა არ ისმის.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული კადრები, რომლებიც ასახავს სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალის გამოყენებით გადაყვანას, ადასტურებს ყველაფერს, რაზეც აქამდე საუბრობდნენ:

„ჩვენი განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილი გაიტაცეს, რომ მიხეილ სააკაშვილზე იძალადეს, რომ მიხეილ სააკაშვილი მოატყუეს და გლდანის მე-18 დაწესებულებაში კანონდარღვევით შეიყვანეს და კრიმინალი ჩაიდინა მინისტრით დაწყებული, იმ თითოეული თანამშრომლით დასრულებული, ვინც ამაში მონაწილეობას იღებდა, ყველამ, ამ კადრებით დასტურდება“, – განუცხადა ბექა ბასილაიამ „ნეტგაზეთს“

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება და მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტონ მსგავსი ინფორმაციის შემცველი ვიდეოჩანაწერების გავრცელება.

მასალების გადაბეჭდვის წესი