ახალი ამბები

გვარამია მიიჩნევს, რომ სააკაშვილმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს

11 ნოემბერი, 2021 • 1013
გვარამია მიიჩნევს, რომ სააკაშვილმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს

მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მისი აზრით, პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს და ბრძოლის სხვა, ალტერნატიული ინსტრუმენტი გამოიყენოს.

გვარამიას თქმით, დღეს პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრებით დასტურდება ის, რასაც მიხეილ სააკაშვილი ყვებოდა  ძალის გამოყენებით გლდანის მე-18 დაწესებულებაში მისი გადაყვანის შესახებ:

„ჩვენ რაც დღეს ვნახეთ, არის ზუსტი მტკიცებულებაა იმის, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით. თუმცა ეს არ არის უწყვეტი კადრები და ძალადობის მთავარი ნაწილი სააკაშვილის წინააღმდეგ არის ამოჭრილი. მიუხედავად ყველაფრისა, ამის აღწერა შეიძლება ყველასთვის ცნობილი ფრაზით: „არწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა“. ეს პარადიგმა არამხოლოდ ჩემს თავში გაჩნდა, ყველა ქართველში გაცოცხლდა.

ეს პარადიგმა ძალიან მძლავრია და ქართველები ამას ბავშვობიდან ვსწავლობთ და ყველანი არწივის მხარეს ვართ. არწივი არის მიხეილ სააკაშვილი. პირველად ვიტყვი ჩემს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიმაჩნია, ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს. მიხეილ სააკაშვილი არის ამ სახელმწიფოს დამფუძნებელი, მიხეილ სააკაშვილმა თავისი შიმშილობით ეს სახელმწიფო კვლავ გააღვიძა.

ეს კადრები, რომლებიც გამოქვეყნდა, უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ მიზნად ისახავს მიხეილ სააკაშვილს სიკვდილს, იმიტომ, რომ როგორც კი ჩვენ ვიწყებთ საუბარს ვითარების სტაბილიზაციაზე და გამოსავლის გზებზე, ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ თითქოს ის ჭამს, მერე აქვეყნებენ კადრებს, რომ თითქოს ფაფას კი არა, უკვე მწვადებს ჭამს. რა თქმა უნდა, უკურეაქცია აქვს ყოველთვის ამაზე მძევალს და კიდევ უფრო მძიმდება მისი მდგომარეობა“, — ამბობს ნიკა გვარამია.

მისი თქმით, გავრცელებული კადრები ხელისუფლებისთვის წამგებიანია და მიზნად ისახავს არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილამდე მიყვანას, არამედ ქვეყნის განადგურებას.

გამომდინარე აქედან, გვარამია აცხადებ, რომ მისი პირადი პოზიციაა, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტოს და პროტესტის ალტერნატიულ ინსტრუმენტებზე დაიწყოს მსჯელობა:

„ახლა ხელისუფლებამ მშვენივრად იცის, რომ სტრასბურგის მოწოდების შემდეგ, საერთაშორისო ორგანიზაციის მოწოდების შემდეგ, ჩვენ ვიხილავთ ვარიანტებს, როგორ შეიძლება გამოვიდეთ ამ ვითარებიდან ღირსეულად და ქვეყნისთვის სასარგებლოდ. ამიტომაც არის ეს კადრები გამოქვეყნებული. სხვა ახსნა არ აქვს, რადგან ხელისუფლებისთვის ეს უმძიმესად წამგებიანი კადრებია და ეს კადრები მიზნად ისახავს არა მიხეილ სააკაშვილის სიკვდილის, არამედ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილის შემდეგ ამ ქვეყნის განადგურებას და დასრულებას და ერთ მშვენიერ დღეს ყველამ რომ გავიღვიძოთ რუსული ტანკებით სავსე თბილისში.

ამიტომ, მე მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილმა, როგორც ამ ქვეყნის დამფუძნებელმა, კიდევ ერთხელ უნდა დააფუძნოს ეს სახელმწიფო და გადაარჩინოს რუსეთის მიერ დაპყრობისგან. ეს ჩემი პირადი პოზიციაა, შიმშილობა იყო ინსტრუმენტი, როცა ეს ინსტრუმენტი მუშაობს, ის მუშაობს, მაგრამ თუ ბრძოლის ეს ფორმა უკვე მიშას და ქვეყნის საწინააღმდეგოდ იმუშავებს, მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავიწყოთ ამ ინსტრუმენტის გადახედვაზე და ჩანაცვლებაზე საუბარი“, — ამბობს გვარამია.

იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დღეს, 11 ნოემბერს გამოაქვეყნა გლდანის ციხის საავადმყოფოში (მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში) მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის ამსახველი კადრები.

კადრები, სავარაუდოდ, სათვალთვალო კამერით არის გადაღებული და გავრცელებულ ვიდეოში ხმა არ ისმის.

მასალების გადაბეჭდვის წესი