ახალი ამბები

შეწყვიტეთ რეპრესიული ზომების გამოყენება მშვიდობიანი აქტივისტებისადმი — 5 NGO ხელისუფლებას

11 ნოემბერი, 2021 • 1275
შეწყვიტეთ რეპრესიული ზომების გამოყენება მშვიდობიანი აქტივისტებისადმი — 5 NGO ხელისუფლებას

ადამიანის უფლებებზე მომუშავე 5 არასამთავრობო ორგანიზაცია მზად არის, გასულ დღეებში გამართულ დემონსტრაციებზე დაკავებული აქტივისტების უფლებები დაიცვას. ისინი საუბრობენ პოლიციის მხრიდან ადამიანების უსაფუძვლოდ დაკავებასა და სხვა პრობლემურ ტენდენციებზე და ხელისუფლებას პოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდებენ.

11 ნოემბერს ამ საკითხებზე  ბრიფინგი გამართეს”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის”, “ადამიანის უფლებათა ცენტრის”, “უფლებები საქართველოს” და “ღია საზოგადოება — საქართველოს” წარმომადგენლებმა.

“ხდება სრულიად დაუსაბუთებლად აქტივისტების აყვანა. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ რამდენიმე ტენდენცია გამოიკვეთა:

ერთი მხრივ, ის, რომ დაუსაბუთებლად ხდება დაკავება და შემდეგ დაბრალება იმისა, რომ პოლიციას წინააღმდეგობას უწევენ. მეორე მხრივ, ის, რომ ადვოკატებს ძალიან უჭირთ ბრალდებულების მონახულება და ძალიან რთულია მათი ადგილსამყოფლის დადგენა.

აგრეთვე [იკვეთება] კიდევ ერთი ტენდენცია, რომ იზოლატორები ხშირად გადატვირთულია და ელემენტარული პირობები არ არის იმისთვის, რომ [გარკვეული] მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს დაკავებულმა”, — დასძინა ქეთი ხუციშვილმა, “ღია საზოგადოება — საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა.

მისი თქმით, ხსენებული ორგანიზაციები რამდენიმე თვეა აქტივისტების უფლებების დაცვის პროექტს ახორციელებენ. მოქმედებს ცხელი ხაზი — 511 139 909 — რომელზე დარეკვაც შეუძლიათ იურიდიული დახმარების მსურველ აქტივისტებსა და მათი ოჯახის წევრებს.

ადვოკატები აქტივისტებს უფასოდ გაუწევენ დახმარებას.

“ჩვენ გვინდა, საგანგებოდ მივმართოთ ხელისუფლებას და ვუთხრათ, შეწყვიტოს რეპრესიული ზომების გამოყენება მშვიდობიანი აქტივისტებისადმი და შეწყვიტოს მხოლოდ განსხვავებული აზრისა და პროტესტის გამოხატვის გამო ადამიანების დევნა, მით უფრო, კანონის დარღვევა მათი დაკავებისას”, — აღნიშნა ხუციშვილმა.

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” ხელმძღვანელის, ედუარდ მარიკაშვილის სიტყვებით, ბოლო პერიოდში “პოლიცია გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ხელმძღვანელობს არა ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტით, არამედ მხოლოდ იმ მიზანშეწონილობით, რომ მათთვის მიუღებელია კონკრეტული პროტესტი და კონკრეტული პროტესტის შინაარსი”.

“…ეს მასშტაბური რეპრესიები, რომლებიც პოლიციის მხრიდან ხორციელდება, არ ჯდება არანაირ სამართლებრივ ლოგიკაში. მათი მხრიდან ადგილი აქვს ძალიან ბევრ გადაცდომას და, მე ვფიქრობ, დანაშაულსაც.

ჩვენ ბოლო პერიოდში ვნახეთ ისეთი შემთხვევები, როცა ადამიანები წინასწარ, პრევენციულად დააკავეს ისე, რომ ისინი არ მონაწილეობდნენ მანიფესტაციაში.

აქ იკვეთება შემთხვევები, როცა პოლიციისთვის მთავარი იყო მათი, როგორც აქტიური აქტივისტების განეიტრალება და ამ შემთხვევაში, შეიძლება ვთქვათ, რომ ადგილი აქვს გარკვეულწილად უკანონო დაკავებებს, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული”, — თქვა მან.

მარიკაშვილის განცხადებით, სასამართლოში განხილვები “შაბლონურად” მიმდინარეობს, ადვოკატებს კი პოლიცია დაკავებულებთან შეხვედრისა და მათთვის სამართლებრივი დახმარების გაწევის შესაძლებლობას უზღუდავს:

“ეს არის უკვე სისტემური ხასიათის, ერთეულ შემთხვევებზე საუბარი აღარ გვაქვს. ამიტომ, ჩვენი თხოვნა და მოთხოვნა არის სამინისტროს მიმართ, დარჩნენ კონსტიტუციის და საერთაშორისო ვალდებულებების ფარგლებში და მოგვცენ საშუალება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათი ქმედებები არის კანონს მიღმა, ჩვენი უფლებამოსილება განვახორციელოთ”.

ბრიფინგზე აღინიშნა, რომ ზემოხსენებული ტენდენციები დაკავშირებულია სასამართლოში, მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ მძიმე ხარვეზებთან, რაც პოლიციას “კიდევ უფრო მეტი თვითნებობის” საშუალებას აძლევს.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა ისაუბრა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და მიმდინარე წელს ამ დოკუმენტში შეტანილი  ცვლილებების პრობლემურობაზეც.

“ჩვენ გვაქვს 1984 წელს, საბჭოთა პერიოდში მიღებული სამართალდარღვევათა კოდექსი და ეს კოდექსი ამ ნაწილში წინ ბევრი არაფრით წასულა.

სამწუხაროდ, ხელისუფლება ზრუნავს ერთადერთზე, რომ უფრო მეტად რეპრესიული გახდეს ეს ნორმები; ნორმები, რომლებიც ხელისუფლებას უფრო მკაცრი ღონისძიებების განხორციელების საშუალებას მისცემს”, — აღნიშნა სიმონიშვილმა.

10 ნოემბერს ოპოზიციის აქციებზე 46 ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შსს-ს მტკიცებით, ეს იქ მოხდა, სადაც “აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, ასევე შეეცადნენ ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირებას”.

აქტივისტები დღის პირველ ნახევარში დააკავეს, თუმცა არაერთი მათგანის შემთხვევაში, ადვოკატებმა საღამოსაც არ იცოდნენ, სად იმყოფებოდნენ მათი დაცვის ქვეშ მყოფები. იმავე დღეს, სახალხო დამცველმა შსს-ს მოუწოდა, ინფორმაცია გაევრცელებინა დაკავებულთა ნაწილის ადგილსამყოფელზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი