ახალი ამბები

ომბუდსმენი შსს-ს დაკავებულების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისკენ მოუწოდებს

10 ნოემბერი, 2021 • 943
ომბუდსმენი შსს-ს დაკავებულების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისკენ მოუწოდებს

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაავრცელოს ინფორმაცია დღეს თბილისში გამართულ აქციებზე დაკავებულ პირთა ნაწილის შესახებ.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, დღეს, საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით,46 პირის დაკავების შესახებ. სახალხო დამცველის აპარატმა დღის განმავლობაში მოინახულა 23 დაკავებული პირი.

დაკავებულები მიუთითებენ დაკავების უსაფუძვლობაზე, თუმცა არაფერი უთქვამთ პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის/ძალის გადამეტების ფაქტებზე. დაკავებულთაგან მხოლოდ ერთ პირს ჰქონდა გარკვეული დაზიანებები, რის შესახებაც უკვე ინფორმირებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.

სახალხო დამცველის აპარატში ამ დრომდე არ წყდება ოჯახის წევრებისა თუ ადვოკატების ზარები, რომლებიც ეძებენ დაკავებულ პირებს. რიგ შემთხვევაში, სამწუხაროდ, სახალხო დამცველის აპარატიც ვერ ახერხებს ინფორმაციის დროულად მიღებას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სამწუხაროდ, კვლავ გააგრძელა ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც დაკავებულთა ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, საერთოდ არ ატყობინებენ დაკავებულთა ადგილსამყოფელის შესახებ. შესაბამისად, ადვოკატები ვერ ახერხებენ მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთა დროულ მონახულებას, მათთან გასაუბრებას და დაცვის სტრატეგიის შეთანხმებას. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ადვოკატებისთვის ცნობილია დაკავებულთა ადგილსამყოფელი, მათ საათების განმავლობაში ექმნებათ დაბრკოლება დაკავებულებთან შეხვედრის პროცესში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია თითოეული პირის ოჯახის წევრსა თუ ადვოკატს დაკავებულების ადგილსამყოფელის შესახებ და მისცეს ადვოკატებს დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან შეუფერხებელი შეხვედრის შესაძლებლობა. ასევე, სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამომავლოდაც იმოქმედოს კანონის შესაბამისად და მოახდინოს დაკავებულების შესახებ შესაბამისი პირების სწრაფი ინფორმირება“, – წერია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს სახელმწიფო უწყებებთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოქალაქეები დააკავეს.

“იქ, სადაც აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, ასევე შეეცადნენ ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირებას, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით, ჯამში, 46 პირი დააკავა”, — განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავებების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი