ახალი ამბები

სააკაშვილი უცხოელმა მოსამართლეებმა გაასამართლონ – ანა დოლიძის შეთავაზება

11 ნოემბერი, 2021 • 1911
სააკაშვილი უცხოელმა მოსამართლეებმა გაასამართლონ – ანა დოლიძის შეთავაზება

პარტიის „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ხელისუფლებას და ოპოზიციას სთავაზობს, მიხეილ სააკაშვილის გასასამართლებლად საქართველოში უცხოელი მოსამართლეებისგან დაკომპლექტებული სპეციალური პალატა შეიქმნას. ამის შესახებ დოლიძემ დღეს, 11 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს საშუალებას მისცემს სააკაშვილს, სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისარგებლოს.

„ჩვენ ვთავაზობთ დაპირისპირებულ მხარეებს გეგმას, როგორ გამოვიდეთ იმ ჩიხიდან, რომელიც ეხება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს და ამასთან დაკავშირებულ დაძაბულობას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და დავინახავთ მომავალი დღეების განმავლობაში. გეგმის პირველი ნაწილი არის ჰიბრიდული სასამართლოს შექმნა, რომლის მიხედვითაც სასამართლოს ფარგლებში შეიქმნება სპეციალური პალატა, გამოცდილი და დამოუკიდებელი უცხოელი მოსამართლეებით, რომლებიც გაასამართლებენ მიხეილ სააკაშვილს. მას ექნება უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლება და, ამავე დროს, სააკაშვილის რეჟიმით დაზარალებულ ათასობით ადამიანს ექნება საშუალება, იპოვოს სამართალი.

ასეთი პრეცედენტები არაერთია მსოფლიოში, სხვადასხვა კონტექსტში. ამ გამოცდილების გადმოღება ჩვენ მოგვცემს საშუალებას, ავარიდოთ ყველაფერი, რაც ჩვენ გველის წინ ყოველდღე, როდესაც გაიმართება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი. გარდა ამისა, ეს გეგმა არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ეს იქნება დასაწყისი უფრო სერიოზული და სიღრმისეული სასამართლოსი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ამ 9 წლის განმავლობაში არ უზრუნველყო“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

დოლიძის თქმით, თავის წინადადებას გააცნობს როგორც ოპოზიციას, ასევე „ქართულ ოცნებას“ და პრეზიდენტსაც შეთავაზებს, რომ განიხილოს.

„ამ შეთავაზებით ჩვენ მივმართავთ მთელ ოპოზიციურ სპექტრს და ხელისუფლებას და ჩვენ ვიმუშავებთ ოპოზიციურ პარტიებთან და „ქართულ ოცნებას“ შევთავაზებთ ამ წინადადებას. ასევე, ამ წინადადებას შევთავაზებთ საქართველოს პრეზიდენტს იმისთვის, რომ მოხდეს პოლიტიკური კონსენსუსი იმ ობიექტურ საშუალებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას ამ ჩიხიდან გამოიყვანს.

ამავე დროს, ხვალიდანვე ვიწყებთ მუშაობას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლებიც დაინტერესებული არიან ვიპოვოთ ყველა გასაღები და მალე დავასრულოთ ეს საკითხი. ამიტომ ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორ საელჩოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა ჰიბრიდული სასამართლოს გეგმა რაც შეიძლება მალე დადასტურდეს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.


მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ დააკავეს. ექსპრეზიდენტს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, მას ბრალად ედება 2006 წელს შსს-ს თანამშრომლების მიერ ნაწამები და შემდგომ გარდაცვლილი სანდრო გირგვლიანის საქმეზე წინასწარ შეთანხმებით დამნაშავეების შეწყალება. ამასთან, სააკაშვილს 6-წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე 2005 წელს.

საბოლოო ჯამში, სააკაშვილს პატიმრობა 6 წლით მოუწევს.

სააკაშვილის წინააღმდეგ მოქმედი ხელისუფლების პირობებში კიდევ ორი საქმეა აღძრული.

სააკაშვილი ბრალდებებს არ აღიარებს, პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს და 41-ე დღეა შიმშილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი