ახალი ამბები

3+3 ფორმატზე თბილისიდან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გვესმის — ზახაროვა

11 ნოემბერი, 2021 • 1947
3+3 ფორმატზე თბილისიდან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გვესმის — ზახაროვა

მოსკოვი ამბობს, რომ 3+3 ფორმატთან დაკავშირებით საქართველოდან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ისმის. ამ საკითხზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ისაუბრა.

მისი თქმით, მოსკოვმა მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას და სჯერა, რომ მოვიდა დრო, ხსენებულ ფორმატთან დაკავშირებული გეგმები პრაქტიკაში აღსრულდეს.

“რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, თბილისიდან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გვესმის ამ საკონსულტაციო მექანიზმში მონაწილეობის შესახებ. თუმცა ეს სუვერენული ქვეყნის პოზიციაა.

ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 3+3 ფორმატი რეგიონის ყველა სახელმწიფოს ინტერესებს აკმაყოფილებს”, — ციტირებს ზახაროვას “რადიო თავისუფლების” რუსულენოვანი ბიურო.

რა არის 3+3 ფორმატი

მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციისა და ახალი შეთანხმების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

იდეას მხარი დაუჭირეს აზერბაიჯანმა და ირანმა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ასევე, განაცხადა, რომ “მიესალმება ირანის, თურქეთის, საქართველოსა და რიგი ევროპული ქვეყნების მისწრაფებას, შეუერთდნენ მთიანი ყარაბაღის ეკონომიკის აღდგენას”.

ერდოღანის ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობა აერთიანებს სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 წევრ სახელმწიფოს: საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, — და რეგიონის გარეთ მყოფ, თუმცა მასზე გავლენის მქონე სამ სახელმწიფოს: ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს.

რას ამბობს თბილისი

მიმდინარე წლის დასაწყისში რეგიონის ქვეყნებს დიალოგის პლატფორმად საქართველოთბილისს სთავაზობდა და ამბობდა, რომ უფრო ფართო, რეგიონულ სამშვიდობო პლატფორმაში რუსეთთან ერთად ვერ ჩაერთვება.

ამის შემდეგ, გასულ თვეში, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთთან ერთად მონაწილეობა გაუჭირდება 3+3 ფორმატში, თუმცა რაღაც ფორმით ჩართული უნდა იყოს ახალ რეგიონულ პროექტებში.

“ჩვენი პოზიცია არაერთხელ გაგვიჟღერებია, რომ ამ ფორმატში ძალიან გაჭირდება მონაწილეობა ოკუპანტ ქვეყანასთან.

იმ პირობებში, როდესაც დეოკუპაციის მიმართულებით ვერანაირ პროცესს [ვერ ვხედავთ], ძალიან ძნელია, დაჯდე ამ ფორმატში და ისაუბრო რაღაც სახის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

თუმცა მე მინდა, საზოგადოებას ფიქრისთვის მივაწოდო ასეთი პოზიცია – ჩვენ ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებში და ურთიერთობებში რაღაც ფორმით მაინც [უნდა ვიყოთ], რა თქმა უნდა, არა სახელმწიფო ინტერესების და ოკუპანტთან დათმობის ხარჯზე”, — აღნიშნავდა ის.

მაშინ საგარეო უწყებამ მედია დაადანაშაულა ზალკალიანის ინტერვიუს არასწორ ინტერპრეტირებაში. უწყების სიტყვებით, მინისტრს არ უთქვამს, რომ საქართველო 3+3 ფორმატში უნდა იყოს წარმოდგენილი”:

“საგარეო საქმეთა სამინისტროს არაერთხელ დაუფიქსირებია პოზიცია, რომ საქართველო არ განიხილავს რუსეთის ფედერაციასთან ერთად 3+3 ფორმატში მონაწილეობას.

ამასთანავე, საქართველოს რეგიონში მნიშვნელოვანი როლი და ფუნქცია აქვს. აქ ვგულისხმობთ იმ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებში ჩვენს მონაწილეობას, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აზიისა და ევროპის დაკავშირებაში და მნიშვნელოვნად უწყობენ ხელს ჩვენს ეკონომიკურ და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას.

უფრო მეტიც, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გაეროს გენ. ასამბლეაზე წამოაყენა კონკრეტული იდეა — მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივა, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის პრინციპებს და მიზნად ისახავს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი