ახალი ამბები

სააკაშვილის წინააღმდეგ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-6 მუხლი – უკრაინის ომბუდსმენი

10 ნოემბერი, 2021 • 1182
სააკაშვილის წინააღმდეგ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-6 მუხლი – უკრაინის ომბუდსმენი

უკრაინის ომბუდსმენის, ლიუდმილა დენისოვას განცხადებით, ქართულმა მართლმსაჯულების სისტემამ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დაარღვია ადამიანის უფლებათა და ძირითადი თავისუფლებების კონვენციის მე-6 მუხლი, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანი და საჯარო მოსმენის უფლებას.

„მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც თავს უდანაშაულოდ ცნობს, მოითხოვა საჯარო სასამართლო მოსმენა, რომელსაც თავადაც დაესწრებოდა, თუმცა პენიტენციურმა სამსახურმა არ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა და გადაწყვეტილება მიიღო, რომ სააკაშვილს საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიეღო. მათ თავისი გადაწყვეტილება სააკაშვილის სასამართლო შენობაში გადაყვანისას შესაძლო დესტრუქციული ქმედებებითა და ჯანმრთელობის რისკებით ახსნეს.

ადვოკატებმა მოითხოვეს სასამართლოს აცილება, რომელმაც სააკაშვილის გარეშე საქმის წარმართვის გადაწყვეტილება მიიღო.

ამგვარი მოქმედებები საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის მხრიდან არღვევს ადამიანის უფლებათა და ძირითადი თავისუფლებების კონვენციის მე-6 მუხლს, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანი და საჯარო მოსმენის უფლებას“, – ნათქვამია უკრაინის ომბუდსმენის განცხადებაში.

იგი მოუწოდებს უცხოურ სახელმწიფოებსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს, რეაგირება მოახდინონ აღნიშნულ დარღვევაზე და მოითხოვონ, მიხეილ სააკაშვილს აღუდგეს უფლება, რომ დაესწროს საქმის განხილვას.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ დააკავეს.

ექსპრეზიდენტს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, მას ბრალად ედება  2006 წელს შსს-ს თანამშრომლების მიერ ნაწამები და შემდგომ გარდაცვლილი სანდრო გირგვლიანის საქმეზე წინასწარ შეთანხმებით დამნაშავეების შეწყალება. ამასთან, სააკაშვილს 6-წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე 2005 წელს.

სააკაშვილის წინააღმდეგ მოქმედი ხელისუფლების პირობებში კიდევ ორი საქმეა აღძრული. დღეს, 10 ნოემბერს სასამართლო განიხილავს 7 ნოემბრის საქმეს.

სააკაშვილი ბრალდებებს არ აღიარებს, პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს და 41-ე დღეა შიმშილობს.

სააკაშვილი მოითხოვდა, საჭიროების შემთხვევაში, სამოქალაქო კლინიკაში გადაეყვანათ და არა ციხის საავადმყოფოში. ამავე პოზიციაზე იყვნენ მისი ადვოკატები, თანაპარტიელები და პირადი ექიმი.

თუმცა 8 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანში, სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სახელმწიფო აცხადებს, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტის მკურნალობის ყველა პირობა არსებობს. თუმცა სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სამეთვალყურეოდ შექმნილი კონსილიუმის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი