ახალი ამბები

ხელოვნური აჟიოტაჟია, თითქოს ვინმეს ეშინია პროცესში სააკაშვილის მონაწილეობის — პროკურორი

10 ნოემბერი, 2021 • 1473
ხელოვნური აჟიოტაჟია, თითქოს ვინმეს ეშინია პროცესში სააკაშვილის მონაწილეობის — პროკურორი

პროკურორი ჯარჯი წიკლაური აცხადებს, რომ შექმნილია „ხელოვნური აჟიოტაჟი, თითქოს ვინმეს ეშინია მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით სასამართლოს გამართვის“.

„დღევანდელ პროცესზე ადვოკატებს დაჟინებული მცდელობა აქვთ, ამ ხელოვნური აჟიოტაჟი ატეხონ, რომ თითქოს განგებ არ იმართება სხდომები, ან თითქოს ვინმეს ეშინია მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით სასამართლოს გამართვის“, – განაცხადა პროკურორმა წიკლაურმა.

„დღეს დადასტურდა, რომ თავად ჰქონდათ სხვა მიზნები“, — განაცხადა მან.

პროკურორის განმარტებით, როდესაც პროკურატურისთვის ცნობილი გახდა, რომ „მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირება ვერ ხდებოდა“, უწყებამ მაშინვე მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით:

„[მივმართეთ შუამდგომლობით, რომ] მიგვეცა საშუალება მიხეილ სააკაშვილისთვის, უშუალოდ მიეღო მონაწილეობა და ამისთვის მზად ვიყავით, სასჯელაღსრულების დაწესეუბლებაშიც კი ჩაგვეტარებინა პროცესი“, – განაცხადა მან.

„მეტიც, – ალტერნატივის სახით შევთავაზეთ, მიგვეცა საშუალება, დისტნცციურად ჩართულიყო პროცესზე. რომ მომხდარიყო ბადრაგირება, მას ექნებოდა მიმართვის საშუალება. ანალოგიურად, ვიდეოტრანსლირებითაც სრული შესაძლებლობა ექნებოდა, უშუალოდ მიემართა სასამართლოსთვის, დაეფიქსირებინა მისი პოზიცია. ეს შესაძლებლობა არსებობდა და შევთავაზეთ, მაგრამ დაცვის მხარემ უარგუმენტოდ, სრულიად გაუგებარი მიზეზით განაცხადა უარი“, – განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.

პროკურორმა ასევე განმარტა, რომ სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გაუქმება არაფერს ცვლის და სააკაშვილი, როგორც მსჯავრდებული, პატიმრობაში რჩება.

„განვმარტავთ, რომ სააკაშვილი მსჯავრდებულია სანდრო გირგვლიანისა და ვალერი გელაშვილის საქმეებზე… მას მისჯილი აქვს 6 წლის ვადით და 7 ნოემბრის საქმეზე პატიმრობის გაუქმება არ ცვლის გარემოებას. იგი აგრძელებს სასჯელის მოხდას შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში“, – განაცხადა პროკურორმა წიკლაურმა.

კითხვაზე, რატომ არ დაუშვეს პროცესზე ნიკა გვარამია და დიმიტრი საძაგლიშვილი, – სააკაშვილის ადვოკატები, – ჯარჯი წიკლაურმანუპასუხა:

„პროცესზე ყველა ის ადვოკატი, რომელსაც წარმოდგენილი ჰქონდა ორდერი და ვინც სხდომის დასწრებამდე გამოცხადდა, ყველამ მიიღო მონაწილეობა. ახლა, პროცესის ბოლოს თუ ვიღაცას გაახსენდა, რომ უნდა მონაწილეობა, ასე არ ხდება. სასამართლოს აქვს თავისი წესები“.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დასრულდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა 29 ნოემბერს ჩაინიშნა.

საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს დღევანდელ, 10 ნოემბრის სხდომაზე აღკვეთის ღონისძიება გაუუქმა.

თუმცა სააკაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება იმ საქმეების გამო, რაზეც სასამართლოს უკვე დასრულებული აქვს განხილვები და უკვე მისჯილი აქვს პატიმრობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი