მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ საქართველოში უკრაინის ელჩთან, იგორ დოლგოვთან შეხვედრა გამართა.
საგარეო სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადება განიხილეს, რომელშიც ქართულ მხარეს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანისკენ მოუწოდებენ.
„უკრაინის ელჩს კიდევ ერთხელ მიეწოდა ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისი უსაფრთხოების დაცვის მიზნით და აღინიშნა, რომ უკრაინულ მხარეს აქვს შესაძლებლობა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს როგორც უკრაინაში საქართველოს საელჩოს, ასევე კოლეგა უწყებების მხრიდან, რაც პერმანენტულ რეჟიმში ხორციელდება.
შესაბამისად, ქართულმა მხარემ გამოთქვა იმედი, რომ აღნიშნული აღარ წარმოშობს დამატებით შეკითხვებს პარტნიორი სახელმწიფოს მხრიდან მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველო – უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობა და ხაზი გაესვა კანონმდებლობის, სახელმწიფო ინსტიტუტების და მართლმსაჯულების სისტემის ურთიერთპატივისცემის მნიშვნელობას“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გუშინ, 8 ნოემბერს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას გლდანის ციხის საავადმყოფოში და განაცხადა, რომ უკრაინის მოქალაქის დარჩენა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დამატებით რისკებს ქმნის.
“უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანით გლდანის №18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ამ ინფორმაციის არმიწოდების გამო უკრაინული მხარისთვის .
მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, დაუყოვნებლივ გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც ექნება ყველა საჭირო საშუალება სათანადო სამედიცინო დახმარებისა და გადაუდებელი დახმარების უზრუნველსაყოფად”, – განმარტებულია განცხადებაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ნოტა გაუგზავნეს.
სამინისტროს განცხადებით, სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დარჩენა დამატებით რისკებსა და დაძაბულობას ქმნის, რისი თავიდან აცილებაც, ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე, შესაძლებელია.