ახალი ამბები

სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლოზე დასწრებას მოითხოვს – გვარამია

9 ნოემბერი, 2021 • 1363
სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლოზე დასწრებას მოითხოვს – გვარამია

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ხვალ, 10 ნოემბერს, სასამართლო პროცესზე დასწრებას მოითხოვს. ამის შესახებ გვარამიამ გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოინახულების შემდეგ განაცხადა.

„ხვალინდელ სასამართლოსთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს იქ დასწრებას და ძალიან მაინტერესებს, უარს როგორ ეტყვის ციხის ადმინისტრაცია დასწრებაზე, თუ ხუთი სართულის ჩამოსვლა შეუძლია, აქ დაჯდომა არცთუ ისე მოხერხებულ სკამზე საათების განმავლობაში და როგორ აგვიხსნის, რომ ის თურმე ციხეში ვერ უნდა წავიდეს, ეს ძალიან საინტერესოა, ასევე მოვისმენთ.

რაც შეეხება მის პირად უსაფრთხოებას, აქ ძალიან მძიმედ გარღვეულია. არ მგონია, მეორე ადგილი არსებობდეს ამ ქვეყანაში, სადაც ასეთი საფრთხის ქვეშ არის სააკაშვილი უსაფრთხოება“, – განაცხადა გვარამიამ.

მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მას დაუკავშირდა საქალაქო სასამართლოს სხდომის შემადგენლობის წევრი, რომელმაც უთხრა, რომ ხვალ, 10 ნოემბერს ჩანიშნული პროცესის სასამართლო დარბაზში ჩატარებას მოითხოვენ.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ უსაფრთხოებიდან გამოდმინარე, ისინი 10 ნოემბერს დაგეგმილი პროცესის გამართვას ციხის საკანში მოითხოვენ, რადგან არსებობს უსაფრთხოების რისკები.

თუმცა, გუშინ, 8 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი თავისი ნების საწინააღმდეგოდ რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანში, სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სააკაშვილი, რომელიც მე-40 დღეა შიმშილობს, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს, თუმცა მთავრობა ამ დრომდე უარს აცხადებს სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაყვანაზე.

სახალხო დამცველის თქმით, გლდანის მე-18 დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი