ახალი ამბები

თუ სააკააშვილს გადაიყვანენ საავადმყოფოში, ამ საავადმყოფოსთან არ ჩატარდეს არანაირი აქცია — ბაქრაძე

9 ნოემბერი, 2021 • 2331
თუ სააკააშვილს გადაიყვანენ საავადმყოფოში, ამ საავადმყოფოსთან არ ჩატარდეს არანაირი აქცია — ბაქრაძე

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას უზრუნველყოფს, მზადაა, დააყენოს წინადადება, რომლის საფუძველზეც ოპოზიცია აიღებს ვალდებულებას, კლინიკის მიმდებარედ არანაირი საპროტესტო აქტივობა არ ჩაატაროს:

„ორი პროცესია პარალელურად. ერთია პოლიტიკური პროცესი, რომელიც შეიძლება მოიცავდეს რიგგარეშე არჩევნებსაც, მაგრამ მეორე და მთავარი არის ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. ამიტომ, სააკაშვილი აუცილებლად უნდა გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში. საპასუხოდ, ოპოზიციის მხრიდან მზად ვარ, დავაყენო წინადადება, მოხდეს ვალდებულების აღება, ამ საავადმყოფოსთან არ ჩატარდეს არანაირი შეკრება, აქცია ან საპროტესტო ტიპის აქტივობა.

იმიტომ, რომ თუ ხელისუფლებას მართლაც აქვს შიში საბაბად თუ ნამდვილად, რომ ე.წ. საავადმყოფოს არეულობის სცენარი იგეგმება, ოპოზიციის მხრიდან მზად ვართ ცალსახა ვალდებულება იყოს, რომ ამ საავადმყოფოსთან არანაირი აქცია არ ჩატარდება. ესაა სწრაფი გამოსავალი, რომელიც საშუალებას მოგვცემს დღესვე დავასრულოთ კრიზისი და შემდეგ ვისაუბროთ პოლიტიკურ პროცესებზე“, — აცხადებს დავით ბაქრაძე „ფორმულასთან“.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველი ოქტომბრიდან, დაკავების დღიდან, უკვე მე-40 დღეა ციხეში შიმშილობს. მთავრობა ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაყვანაზე. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თავისი ნების საწინააღმეგოდ 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.

სახალხო დამცველის თქმით, აღნიშნულ დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი