ახალი ამბები

სააკაშვილის გლდანში გადაყვანა არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს – NGO-ები

9 ნოემბერი, 2021 • 1239
სააკაშვილის გლდანში გადაყვანა არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს – NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციები, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC) და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია), ეხმაურებიან მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას გლდანის ციხის საავადმყოფოში და აცხადებენ, რომ „პროცესი წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის ძირითადი უფლებების – სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების დაცვის პრინციპებთან და არსებულ პოლიტიკურ კრიზისში ვითარების ესკალაციისა და პოლიტიკური პოლარიზაციის დამატებით საფრთხეებს აჩენს“.

მიხეილ სააკაშვილი მე-40 დღეა საპატიმროში შიმშილობს. როგორც მან განაცხადა, 6 ნოემბრიდან შეწყვიტა იმ ვიტამინების, მედიკამენტებისა და საკვები დანამატების მიღება, რასაც ის სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციებით იღებდა.

როგორც ორგანიზაციები შენიშნავენ, ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მმართველი გუნდის მიერ გაკეთებული განცხადებები შიმშილობის ნამდვილობასთან დაკავშირებით, შემდეგ კი, პენიტენციური სამსახურის მიერ ვიდეოს საჯაროდ გავრცელება, სადაც ჩანს, რომ მესამე პრეზიდენტი სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იღებს საკვები დანამატების ულუფას.

„მსჯავრდებულის შიმშილობის თაობაზე ინფორმაციის ამ ფორმით გავრცელება, რომლის მიზანიც იყო შთაბეჭდილების შექმნა, რომ რეალურად შიმშილობას ადგილი არ ჰქონდა, ცალსახად წინააღმდეგობაშია შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველა საერთაშორისო პრინციპსა თუ რეკომენდაციასთან და ასევე არღვევს ადამიანის პირადი ცხოვრების დაცვისა და ხელშეუხებლობის პრინციპს. შიმშილობის პროცესის სამედიცინო პერსონალის მიერ მართვა უნდა ემყარებოდეს მიდგომას, რომ ის არის პაციენტი და სახელმწიფოს ქმედებების ამოსავალი წერტილი სწორედ მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა და არა საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირება უნდა იყოს“, – აცხადებენ ორგანიზაციები.

მოგვიანებით, 8 ნოემბერს, საღამოს საათებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი, სავარაუდოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში აღარ იმყოფებოდა.

ორგანიზაციების თანახმად, დაახლოებით 70 წუთის განმავლობაში სახელმწიფო უწყებები ოჯახის წარმომადგენლებს, ადვოკატებსა და სახალხო დამცველს არ აწვდიდნენ მსჯავრდებულის ადგილმდებარეობისა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, რაც, მათი შეფასებით, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ეროვნულ კანონმდებლობასთანაც.

საღამოს 19:00 საათისთვის სპეციალურმა პენიტენციურმა ფეისბუკზე გაავრცელა განცხადება, სადაც დაადასტურა, რომ სააკაშვილი გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში (გლდანის ციხის საავადმყოფოში) გადაიყვანეს.

„გავრცელებული ინფორმაციით, სამედიცინო კონსილიუმის მიერ 8 ნოემბერს მიღებულ რეკომენდაციებში საუბარი იყო იმაზე, რომ სააკაშვილის გადაყვანა უნდა მომხდარიყო მრავალპროფილურ სამკურნალო დაწესებულებაში. აღსანიშნავია ისიც, რომ სახალხო დამცველის მიერ უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში N18 დაწესებულების მზაობა შესაბამისი მომსახურების გასაწევად დინამიკაში იქნა შეფასებული. დღევანდელი განცხადებით, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ N18 სამკურნალო დაწესებულება მრავალპროფილური კლინიკისთვის წაყენებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს“, – წერია განცხადებაში.

ორგანიზაციები „უსაფრთხოების რისკებთან“ დაკავშირებით აცხადებენ: „მოშიმშილე პატიმრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვა, როდესაც არსებობს სამედიცინო ჩვენება მისი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადასაყვანად, არ შეიძლება შეიზღუდოს დაუსაბუთებელი და აბსტრაქტული საფრთხის პრინციპზე დაყრდნობით. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ეს რისკები თავად მსჯავრდებულის უსაფრთხოებას არ მიემართება, არამედ მისი მიმალვის აღკვეთის, სასჯელის აღსრულების თუ სხვა მიზანს/ინტერესებს აყენებს წინ, ვიდრე ადამიანის სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობის დაცვას“.

„უფრო მეტიც, ის რისკები, რომელიც შესაძლებელია მსჯავრდებულის კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შეზღუდვის ლეგიტიმურ საფუძვლად იყოს დანახული, სწორედ გლდანის N18 დაწესებულებასთან კავშირში ჩნდება. ამაზე უთითებდა თავად მსჯავრდებულიც და მისი ადვოკატებიც და, შესაბამისად, სრულიად გაუმართლებელია მისი სწორედ პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსება“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრისა“ და საიას განცხადებით, გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებაც:

„პენიტენციურ სისტემაზე მომზადებულ არაერთ ანგარიშშია გამოთქმული შეშფოთება საპატიმროებში კრიმინალური სუბკულტურის არსებობასა და დაწესებულებების ადმინისტრაციის მიერ მათი არაფორმალური მმართველობისთვის გამოყენება/ხელშეწყობასთან დაკავშირებით. პენიტენციალურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურის გაზრდილი გავლენები საფრთხეს უქმნის პატიმრების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ხელშეუხებლობას და გასათვალისწინებელია ისიც, რომ კრიმინალური სუბკულტურისა და პენიტენციალური დაწესებულების თანამშრომლების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პროკურატურა, როგორც წესი, ეფექტიანად არ რეაგირებს“.

შესაბამისად, ორგანიზაციების დასკვნით, სააკაშვილის N18 სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნა მის მიმართ თავად სხვა პატიმართა მხრიდან წარმოშობს როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით არასათანადო მოპყრობის რეალურ საფრთხეს, და ამ საფრთხეების არსებობა უკვე დადასტურდა 2021 წლის 8 ნოემბრის საღამოს მედიით გავრცელებული კადრებით, რომლებშიც ჩანს N18 დაწესებულების პატიმართა ნაწილის აგრესიული შეძახილები მიხეილ სააკაშვილის მიმართ.

„დამატებით გასათვალისწინებელია ის ზოგადი პოლიტიკური ფონი, რაც ამ მოვლენებს ახლავს თან. მიხეილ სააკაშვილის ამ ფორმით გადაყვანა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ცალსახად ზრდის ვითარების ესკალაციის რისკებს, რამაც შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ქვეყნის მშვიდობას და დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას“, – აცხადებენ ორგანიზაცები და ხელისუფლებას მოუწოდებენ:

  • ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ მიღებულ დასკვნაში მითითებული სტანდარტების შესაბამისად დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის პენიტენციური სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გადაყვანა და მისი, როგორც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე პირადი უსაფრთხოების სრულყოფილი დაცვა;
  • ხელისუფლებამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ვითარების დეესკალაციისთვის და დაიწყოს დიალოგი პოლიტიკურ ოპოზიციასთან;

ამასთან, ორგანიზაციები ასევე მოუწოდებენ ოპოზიციურ ძალებს, „დარჩნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის ფარგლებში და თავი აარიდონ ვითარების ესკალაციას“.

მასალების გადაბეჭდვის წესი