ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციის ნაწილი დღეიდან დიდ საპროტესტო მოძრაობას იწყებს. ამის შესახებ მან აქციაზე გამოსვლისას ისაუბრა.
მისი თქმით, საპროტესტო მოძრაობა იქნება ფართომასშტაბიანი და უწყვეტი, მთავარი მოთხოვნა კი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და “მიტაცებული არჩევნების დაბრუნება” იქნება.
“მინდა თქვენ და მთელ საზოგადოებას მოვუწოდო, რომ დღეიდან იწყება ფართო, ძალიან დიდი საპროტესტო მოძრაობა. არაფერია იმაზე დიდი ძალის მატარებელი, ვიდრე ხალხმრავალი, ერთიანი, მტკიცე და უწყვეტი საპროტესტო მოძრაობა. ეს საპროტესტო მოძრაობა დაიწყო და არ დასრულდება, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გათავისუფლებული და არ იქნება დაბრუნებული მიტაცებული არჩევნები…
პროტესტი იქნება ძალიან მტკიცე, მაგრამ მშვიდობიანი, მტკიცე, ხალხმრავალი და უწყვეტი”, – განაცხადა მელიამ.
ამასთან, ენმ-ის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ დღევანდელი აქციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის ციხის საავადმყოფოში ხელისუფლების მხრიდან პროვოკაცია იყო. მისი თქმით, გლდანის ციხესთან აქცია არ გაიმართება, რადგან მელიას შეფასებით, ეს ხელისუფლების პროვოკაციის ნაწილია, რასაც საზოგადოება არ უნდა აჰყვეს.
“ხელისუფლებამ გადაკვეთა ყველა ზღვარი, ყველა წითელი ხაზი. მორალური, ზნეობრივი, აქ პოლიტიკაზე საუბარიც არ არის. ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, ეს არის ბანდიტებით დაკომპლექტებული რეჟიმი, რომელსაც არაფრად მიაჩნია კანონი. საერთოდ არაფრად მიაჩნია კონსტიტუცია. როცა უნდათ იტაცებენ ადამიანს, სადაც უნდათ, იქ ათავსებენ და აბუჩად გვიგდებენ. მაგრამ ამ ყველაფერს თავიანთი ჭკუით ძალიან ეშმაკურად და ბოროტულად აკეთებენ.
ცდილობენ, ისედაც გაღიზიანებულ ხალხს, რომელთა ემოცია სულ უფრო და უფრო მატულობს, დაგვაშვებინონ დიდი შეცდომა და მოგვიწყონ პროვოკაცია. მხოლოდ ამას ემსახურებოდა დიდი აქციის დაწყებამდე სულ რაღაც 2 საათით ადრე იმ ყველაფრის ჩადენა, რაც ჩაიდინეს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში…
არცერთი მსურველი გლდანის ციხესთან აქციის გამართვისა. მე, როგორც თქვენი მეგობარი, გეუბნებით, რომ ეს აღიქმება პროვოკაციად იმიტომ, რომ იქ, სადაც ახლა მიხეილ სააკაშვილი მოათავსეს, იქ, სადაც კრიმინალები, უმძიმესი დამნაშავეები და კანონიერი ქურდები ჰყავთ, იქ შეიყვანეს მიხეილ სააკაშვილი და იქ აქციის გამართვა ახლა არის “ქართული ოცნების” ბროლის ოცნება, რომ ბუნტის ინსცენირება მოახდინონ და მის სიცოცხლეს ასე დაემუქროს საფრთხე”, – განმარტა მელიამ.
მელიამ აქციის მონაწილეებს კანცელარიის შენობასთან გადანაცვლებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ხვალ, 10 საათიდან აქციები სხვადასხვა ლოკაციაზე დაიწყება, მათ შორის იუსტიციის სამინისტროსთან, სადაც სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აქციაზე ვინმე პროვოკაციის მოწყობას შეეცდება, სხვებმა ამის უფლება არ უნდა მისცენ:
“ჩვენ არსად შესავარდნი არაფერი გვჭირს, ხალხნო. ჩვენი მიზანი და ამოცანა არ არის სადმე შეჭრა, იქ [კანცელარიაში] არაფერი გვესაქმება და ამ ოცნებას არ ავუხდენთ ბიძინა ივანიშვილს. მაგრამ ბრძოლის ყიჟინა დედაქალაქის ქუჩებში იქნება მანამ, სანამ ხელისუფლება უკან არ დაგვიბრუნებს მიტაცებულ სახელმწიფოს ჩვენ და საზოაგდოებას…
ამ ყველაფრის ერთ-ერთი შემოქმედი და ზიზღის მფრქვევლი არის ირაკლი ღარიბაშვილი. ძალიან მშვიდად, ცოცხალი ადამიანების ძალა შენობის გარედან დავანახოთ და ვუთხრათ, რომ ასე უკვე ვეღარ გაგრძელდება და ჩვენ ვიდგებით აქ მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი უზრუნველყოფილი არ იქნება ნორმალური სამოქალაქო დაწესებულებით [კლინიკით], ის არ იქნება გათავისუფლებული და მიტაცებული არჩევნები არ დაბრუნდება.
კანცელარიასთან აქცია გაგრძელდება და თუ ღარიბაშვილი შიგნითაა, ვერ გამოვა და თუ არ არის, ვერ შევა”, – განაცხადა მელიამ.







