ახალი ამბები

“აქვს თავბრუსხვევა” – ხოშტარიასთან ისევ სასწრაფო გამოიძახეს

8 ნოემბერი, 2021 • 817
“აქვს თავბრუსხვევა” – ხოშტარიასთან ისევ სასწრაფო გამოიძახეს

“დროას” ლიდერ ელენე ხოშტარიას ისევ სასწრაფო დახმარების გამოძახება დასჭირდა.

როგორც “დროას” წევრი ნინო გოგუაძე აცხადებს, ხოშტარიას თავბრუსხვევა აქვს.

ხოშტარიას მედიასთან განცხადება უნდა გაეკეთებინა, თუმცა ეს ვერ შეძლო და მის ნაცვლად ჟურნალისტებს ნინო გოგუაძე ესაუბრა.

“განცხადებას ვაკეთებ ელენე ხოშტარიას სახელით და ჩემი განცხადება მთლიანად შეესაბამება მის პოზიციას.
იმ ფორმით, რა ფორმითაც მოხდა სააკაშვილის გადაყვანა/გატაცება ციხიდან და არ იცოდნენ ამის შესახებ არც მისმა ოჯახის წევრებმა, არც სახალხო დამცველმა და არც არავინ, ეს არ ემსახურება ქვეყნის დამშვიდებას და პირიქით, კიდევ უფრო ამწვავებს სიტუაციას.

ელენეს შიმშილობა ემსახურება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას. აქამდე გლდანის ჰოსპიტალზე მოსმენილი გვქონდა სახალხო დამცველის დასკვნა, რომ გლდანის ჰოსპიტალი არ შეესაბამება იმ სტანდარტს, სადაც იქნება დაცული და გარანტირებული მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და მისი უსაფრთხოება.

ასევე, ელენე ხოშტარია აგრძელებს შიმშილობას მანამდე, სანამ არ გვექნება დადასტურებულად უტყუარი ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სანამ ამას არ დაადასტურებს კომპეტენტური ორგანო, მაგალითად, სახალხო დამცველი და ექიმები. თუ გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში, ხომ მაშინვე შეწყვეტს შიმშილობას.

თავად სუსტად გრძნობს თავს, ერთხელ გონება დაკარგა და ახლაც თავბრუსხვევა აქვს” , – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ელენე ხოშტარია მეექვსე დღეა პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს. ხოშტარიამ დღეს, 8 ნოემბერს, გონება დაკარგა და მასთან უკვე ერთხელ იყო სასწრაფო დახმარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი