ახალი ამბები

„ეს არის გატაცება და არაადამიანური მოპყრობა“ – ადვოკატი სააკაშვილის შესაძლო გადაყვანაზე

8 ნოემბერი, 2021 •
„ეს არის გატაცება და არაადამიანური მოპყრობა“ – ადვოკატი სააკაშვილის შესაძლო გადაყვანაზე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის ციხიდან შესაძლო გაყვანაზე აცხადებს, რომ იმ პირობებში, როცა ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა სააკაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ არ იციან, ეს გატაცებაა, რითაც მოშიმშილე პირს დამატებით სტრესს აყენებენ.

ამ ფორმით მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გაყვანას ადვოკატი არაადამიანურ მოპყრობად აფასებს:

„ეს არის შეშინებული ხელისუფლების ქცევა. დღეს მიხეილ სააკაშვილს შევხვდით, არავითარი ინფორმაცია არ არსებობდა, რომ დღეს მოხდებოდა გადაყვანა. ის, რომ გადაყვანა უნდა მომხდარიყო მრავალპროფილურ კლინიკაში, აუცილებლობაა, თუმცა ეს არ უნდა ყოფილიყო ასეთი ფორმით. მით უმეტეს, არც კი ვიცით, სად არის გადაყვანილი. ეს არის გატაცება, ფაქტობრივად, ეს არის დამატებით უდიდესი სტრესი იმ ადამიანისთვის, რომელიც შიმშილობს.

ეს არის არაადამიანური მოპყრობა მის მიმართ, ასევე, მისი ოჯახის წევრების მიმართ, დედა და შვილები უნდა შეხვედროდნენ დღეს. ამ დროს ადამიანი გააქრეს. ეს რაში ჯდება, ეს არის ხელისუფლების პანიკური შიშის გამოხატულება დღევანდელი დიდი აქციის, სააკაშვილის პერსონის მიმართ“, – ამბობს ბექა ბასილაია „მთავარ არხთან“.

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გადაიყვანეს. რუსთავის ციხესთან ცოტა ხნის წინ ვერტმფრენი იყო მობილიზებული.

„ფაქტია, რომ ცოტა ხნის წინ გაიყვანეს ბრონირებული მანქანებით და შემდეგ ვერტმფრენში ჩასვეს, როგორც ჩანს. სად წაიყვანეს, არ ვიცი“, – განუცხადა გიული ალასანიამ ჟურნალისტებს.

ჯერჯერობით უცნობია, სად გადაიყვანეს სააკაშვილი. ეს ინფორმაცია არც მის ადვოკატებს აქვთ. ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი ამბობს, რომ ინფორმაცია მედიიდან მიიღეს.

„ნეტგაზეთი“ ცდილობს ინფორმაციის გარკვევას სხვადასხვა უწყებასთან და წყაროსთან.

თავდაცვის სამინისტროში გამოცემას უთხრეს, რომ თუკი მთავრობა ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, გორის ჰოსპიტალი (რომელიც სამინისტროს დაქვემდებარებაშია) მზადაა სააკაშვილის მისაღებად. თუმცა გორის ჰოსპიტლის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სააკაშვილის იქ გადაყვანის განკარგულების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი