ახალი ამბები

პარლამენტთან ენმ-ის წევრი დააკავეს

8 ნოემბერი, 2021 • 1463
პარლამენტთან ენმ-ის წევრი დააკავეს

თბილისში, პარლამენტის შენობასთან თეთრიწყაროს მერობის ყოფილი კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობიდან”, ვანო მაღალაშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია სამოქალაქო აქტივისტმა ირაკლი ფავლენიშვილმა გაავრცელა. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა.

ფავლენიშვილის თქმით, მაღალაშვილი სატელევიზიო ინტერვიუს მიცემის შემდეგ დააკავეს, დაკავების მომენტში კი პოლიციამ უთხრა, რომ სწორედ აღნიშნული ინტერვიუსთვის აკავებდა. ინტერვიუ პარლამენტთან რკინის ჯებირების განთავსებას შეეხებოდა.

“სატელევიზიო ინტერვიუსდ დასრულების შემდეგ, როცა ვიშლებოდით, დავინახე, რომ ვანო მაღალაშვილი მიჰყავდა პატრულის ეკიპაჟს. როცა მივედი გასარკვევად, რატომ მიჰყავდათ, თავიდან ამბობდნენ, რომ ერთი-ორი კითხვა გვაქვსო. შემდეგ, როცა დაუპირეს წაყვანა და ვკითხე, რატომ მიგყავთ-მეთქი, მითხრეს, რომ სატელევიზიო ინტერვიუსთან დაკავშირებითო”, – განმარტა ფავლენიშვილმა “ნეტგაზეთთან”.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაღალაშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

პარლამენტის შენობასთან რკინის ჯებირები დღეს, 8 ნოემბერს კვლავ გამოჩნდა. რკინის ბარიკადები საკანონმდებლო ორგანოსთან 2019 წლიდან იყო აღმართული. კონსტრუქციები მას შემდეგ განლაგდა, რაც 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდგომი საპროტესტო ტალღისას სხვადასხვა დროს აქტივისტებმა პარლამენტის პიკეტირება სცადეს.

რკინის ბარიკადების აღების საკითხი მიმდინარე წლის გაზაფხულზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “გირჩის” წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმაც დააყენა. პასუხად კი მმართველი პარტიის წევრებმა მაშინ პარლამენტის წინ გაშლილ კარვებზე მიუთითეს და აღნიშნეს, რომ კარვების ასაღებადაც კარგი დრო იყო.

პარლამენტის შესასვლელიდან რკინის ბარიკადები მიმდინარე წლის ივნისში აიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი