ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმის აეროპორტის ამუშავების შემთხვევაში, ის რუსეთის კოდით იმუშავებს | ბჟანია

8 ნოემბერი, 2021 • 2259
სოხუმის აეროპორტის ამუშავების შემთხვევაში, ის რუსეთის კოდით იმუშავებს | ბჟანია

“რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, აფხაზეთში აეროპორტის აღდგენა არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი. თუმცა იცვლება დრო და ტურიზმი დამატებითი სტიმული ხდება. სოხუმის აეროპორტისთვის, სავარაუდოდ, რუსეთის აეროპორტის კოდი იქნება გამოყენებული”, – აფხაზური მედია ავრცელებს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განმარტებას სოხუმის აეროპორტის შესაძლო ამოქმედების შესახებ.

ბჟანიას განცხადებითვე, აფხაზეთის ინტერესებშია საკუთარი ავიაკომპანიის შექმნაც.

“აეროპორტის ამუშავების შემთხვევაში, საჭირო იქნება საკუთარი ავიაკომპანიის შექმნა საკუთარი მარშრუტების გასავითარებლად. ბუნებრივია, ამის გასაკეთებლად დიდი დროა საჭირო, მათ შორის, საკუთარი ეკიპაჟის მოსამზადებლად”.

სოხუმში აეროპორტის აღდგენის საკითხზე აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები წლების განმავლობაში საუბრობენ.  რუსეთის ტრანსპორტის სამსახურის სპეციალისტები ადგილზე სიტუაციის და რეკონსტრუქციის საკითხების შესწავლის მიზნით არაერთხელ ჩასულან აფხაზეთში. აფხაზეთში ჩადიოდნენ ასევე რუსი ინვესტორები.

რამდენიმე კვირის წინ რუსეთიდან დაბრუნებული ასლან ბჟანიას განცხადებით, 2024 წლამდე აფხაზეთის ხელისუფლება გეგმავს აეროპორტის ამუშავებას.

აფხაზეთის გაზიფიკაცია, აეროპორტი, ხელფასები | რაზე შეუთანხმდა სოხუმი მოსკოვს

სოხუმის აეროპორტი და შესაბამისი საჰაერო სივრცე 1993 წლიდან დაკეტილია, არ არის სერტიფიცირებული და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO), რომელიც აფხაზეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილად აღიარებს, არ აქვს მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი.  შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისევე როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, აცხადებენ, რომ “ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ვერ მოხდება საერთაშორისო ფრენების განხორციელება, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ICAO-ს წესდებას და საქართველოს კანონმდებლობას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი