ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის გაზიფიკაცია, აეროპორტი, ხელფასები | რაზე შეუთანხმდა სოხუმი მოსკოვს

27 ოქტომბერი, 2021 • 4911
აფხაზეთის გაზიფიკაცია, აეროპორტი, ხელფასები | რაზე შეუთანხმდა სოხუმი მოსკოვს

ავტორი: მარიანა კოტოვა, სოხუმი


აფხაზეთის პრეზიდენტი ასლან ბჟანია სამუშაო ვიზიტით ისევ გაემგზავრა მოსკოვში. მისი ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბჟანია რუსეთის დედაქალაქს თვეში რამდენჯერმე სტუმრობს.

შეიძლება ითქვას, ბჟანია აფხაზეთის ერთადერთი ხელმძღვანელია, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს “სტრატეგიულ პარტნიორთან”. მისი ერთ-ერთი უკანასკნელი ვიზიტი კი რიგი შეთანხმებების გაფორმებით დასრულდა. კერძოდ, საუბარი შეეხებოდა გაზიფიცირებას, ავიამიმოსვლას, საბიუჯეტო დაწესებულებების თანამშრომლების ხელფასების ზრდას 40 ათას რუსულ რუბლამდე [2000 ლარამდე]. დღეს ეს მაჩვენებელი  ორნახევარჯერ ნაკლებია.

როგორ გამოიყურება ეს დაპირებები მოსახლეობის თვალში? დავიწყოთ გაზიფიკაციით, რომელიც ბევრის აზრით აფხაზეთს ენერგოკრიზისიდან გამოიყვანდა.

ბუნებრივი აირი ყველა ბინაში 

“ქვეყნის გაზიფიკაცია გარკვეულწილად განტვირთავდა ქვეყნის ენერგეტიკას. ყველა სახლში იქნებოდა ბუნებრივი აირი, რომელიც ელექტროენერგიაზე ბევრად ნაკლები ჯდება. ამ პროექტის შესახებ ჩემს სიტყვებს ზოგიერთი ჩვენი მოქალაქე ფანტაზიას მიაწერს, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, რომ აფხაზეთი გაზიფიცირებული ოდესღაც უკვე იყო. ჩვენ ახალს არაფერს ვაკეთებთ, უბრალოდ, ის უნდა აღვადგინოთ, რაც უკვე არსებობდა”, – განაცხადა ბჟანიამ აფხაზეთის ტელევიზიასთან ინტერვიუში.

თუმცა საქმე ისარის, რომ საბჭოთა დროინდელი გაზსადგურები და გაზსადენები დღეს აღარ არსებობს – ყველა მასალა ჯართშია ჩაბარებული. გაზის მილები, რომლებიც ბინებში იყო შეყვანილი, მეპატრონეებმა გამოუყენებლობის გამო მოჭრეს.

“კარგად მახსოვს, ომამდე მეზობლები ერთმანეთს ყავაზე როცა ვეპატიჟებოდით, ამ მილებზე ვაკაკუნებდით და ვაგებინებდით ერთმანეთს. მოგვიანებით კი, რემონტის დროს, გადავჭერით ისინი, რადგან ვფიქრობდით, რომ გაზი აღარასდროს გვეღირსება”, – გვიყვება სოხუმის ახალი რაიონის მკვიდრი მარინა კობახია.

თუმცა გავიდა წლები და კარგად დავიწყებული გაზი არა მხოლოდ გაიხსენეს აფხაზეთში, მეტიც, გაზიფიცირების პროექტის შესამუშავებლად ფულიც კი გამოიყო.

“ჩვენმა რუსმა კოლეგებმა დაახლოებით 80 მილიონი რუბლი გამოყვეს აფხაზეთის გაზიფიკაციის პროექტის დასამუშავებლად. არაუგვიანეს 2021 წლის ბოლომდე საზოგადოება ინფორმირებული იქნება ამ მასშტაბური პროექტის ვადებთან დაკავშირებით”, – განუცხადა ბჟანიამ აფხაზ ჟურნალისტებს.

აფხაზეთში არავის სჯერა იმისა, რომ ბუნებრივი აირი ელექტროენერგიაზე ნაკლები ეღირება. მით უმეტეს, ბევრისთვის აფხაზეთში ელექტროენერგია ამ დრომდე უფასო რესურსია.

“იმისთვის, რომ გაზი ელექტროენერგიაზე პოპულარული გახდეს, უნდა გაიზარდოს ელექროენერგიის ტარიფი, რომელსაც უკლებლივ ყველა გადაიხდის, თუმცა, რატომღაც ვერ ვხედავთ, რომ ამ საკითხით ვინმე იყოს დღეს დაკავებული. ელექტროენერგიის საფასურს მხოლოდ პენსიონერები იხდიან, ახალგაზრდები ინტერნეტის და ტელეფონის გადასახადებს იხდიან მხოლოდ და შუქის ფულის გადახდა რატომღაც ავიწყდებათ”, – ამბობს სოხუმელი მარინა კობახია.

პარლამენტის დეპუტატი ალმას ჯაპუა ინიციატივით გამოვიდა, რომ ბიუჯეტიდან ფული გამოყოფილიყო ელექტროენერგიის მრიცხველების დასადგამად, თუმცა მისმა კოლეგებმა მხარი არ დაუჭირეს მის წინადადებას და კორონავირუსის პანდემიის პირობებში ფულის არამიზნობრივ ხარჯვად ჩათვალეს.

სოციალურ ქსელებში მომხმარებლების გამონათქვამების ანალიზის შესაბამისად კი, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ადამიანები ღელავენ უსაფრთხოების საკითხებზეც, ვინაიდან აფხაზეთში დღეს არ არსებობენ სპეციალისტები, რომლებიც გაზმომარაგების სისტემის უსაფრთხო მუშაობას უზრუნველყოფდნენ.

აეროპორტი

რუსეთიდან დაბრუნებული ბჟანიას განცხადებით, 2024 წლამდე აფხაზეთის ხელისუფლება გეგმავს აეროპორტის ამუშავებას. რუსეთის ტრანსპორტის სამსახურის სპეციალისტები ადგილზე სიტუაციის და რეკონსტრუქციის საკითხების შესწავლის მიზნით არაერთხელ ჩამოსულან აფხაზეთში. აფხაზეთში ჩამოდიოდნენ ასევე რუსი ინვესტორები.

როგორც ასლან ბჟანია ამბობს, აერიპორტი ხელს შეუწყობდა გულრიფშის რაიონის ბიუჯეტის წარმოქმნას, რადგანაც მასში დასაქმებული იქნება 1000-მდე ადამიანი.

იმის გათვალისწინებით, რომ ინვესტორების ძიების პროცესი 2018 წლიდან გრძელდება და ჯერ კიდევ სამი წლის წინ აფხაზეთის ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ პროექტის შესაქმნელად ორი წელი იქნებოდაა საჭირო და აფხაზეთსა და რუსეთს შორის ავიმიმოსვლა სულ მალე დაიწყებოდა, აეროპორტის ამუშავებასთან დაკავშირებით დღევანდელი განცხადება პირველი პირისგან უკვე არადამაჯერებლად ჟღერს.

 

ისეთივე ხელფასები, როგორც სოჭში

მოსკოვში უკანანსკნელი ვიზიტის შემდეგ ასლან ბჟანიამ რუსეთთან მოლაპარაკებებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად დაასახელა  2025 წლამდე საბიუჯეტო თანამშრომლების ხალფასების 40 000 რუბლამდე გაზრდა.

საკითხს თუ უფრო ჩავუღრმავებით, შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ ხელფასები რუსეთის ფედერალური ოლქის ხელფასებს გაუტოლდება, ჯერ კიდევ 2014 წელს გაფორმდა. თუმცა ამ შეთანხმებაში გაწერილი იყო, რომ შრომის ანაზღაურების დაფინანსება უნდა გადანაწილდეს მხარეებზე – 50/50.

დღეს საბიუჯეტო თანამშრომლების ხელფასები 8-დან 15 ათასამდე რუბლს [500-800 ლარი] შეადგენს და მისი ადგილობრივი ბიუჯეტით 50%-ით გაზრდაც შეუძლებელია. შესაბამისად, გამოდის, რომ რუსეთი იღებს სრულ პასუხისმგებლობას აფხაზეთში საბიუჯეტო თანამშრომლების ხელფასებზე. თუმაც, რას მოითხოვს ამის სანაცვლოდ? ამის შესახებ ბჟანია არ საუბრობს. შესაბამისად, ბჟანიას ვიზიტების შემდეგ მისი ადმინისტრაციის პრესრელიზები სარეკლამო პოსტერებს ჰგავს, სადაც აღწერილია პერსპექტივები, თუმცა, არ არის მითითებული მათი რეალური ფასი, რომელიც აფხაზეთმა უნდა გადაიხადოს.


მასალების გადაბეჭდვის წესი