ახალი ამბები

“დროამ” იუსტიციის სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი გამართა

8 ნოემბერი, 2021 • 1025
“დროამ” იუსტიციის სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი გამართა

პარტია “დროას” წევრებმა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოს საპასუხოდ იუსტიციის სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. პარტიის წევრებმა სამინისტროსთან საბავშვო საკვები მიიტანეს.

“გუშინწინ გავრცელდა კადრები, სადაც მიხეილ სააკაშვილი იღებდა ასეთი სახის [საბავშვო ფაფები] რაღაცას, რომელზეც ამბობენ, რომ თითქოს ეს იყო საჭმელი. ეს არ არის საჭმელი, ეს არის უბრალოდ საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს მინერალებს, ვიტამინებს, და როცა ადამიანი შიმშილობს, ექიმის რჩევით, გული რომ არ წასვლოდა, არ მომკვდარიყო და ა.შ. შესთავაზეს ეს. მერე რაც შესთავაზეს, იმის ჭამის დროს გადაუღეს. გაუვრცელეს დაკნინების, მიწასთან გასწორების მიზნით. მათ ეს არ გამოუვათ, რადგან ყველამ კარგად იცის, რაც არის ეს”, — განაცხადა “დროას” ერთ-ერთმა წევრმა, შუშანა მაცაბერიძემ.

პარტიის წევრები იუსტიციის მინისტრსა და პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებს მიმართავენ, რომ მიიღონ მხოლოდ აღნიშნული საკვები, “როგორ იგრძნობენ ერთი კვირის შემდეგ თავს”.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 5 ნოემბერს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში სხვადასხვა ტიპის ფაფებს და ნატურალურ წვენებს იღებს. 6 ნოემბერს კი პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის კადრები გაასაჯაროვა, რომელიც ციხეში, ექიმების კაბინეტშია გადაღებული.

პენიტენციურმა ასევე გაავრცელა იმ პროდუქტების ამსახველ ფოტომასალაც, რომელიც, უწყების ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო.

სააკაშვილმა უარყო საკვების მიღება და დაადასტურა, რომ 30 ოქტომბრის მერე, ციხის სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციით და იმის დაზუსტებით, რომ ეს სრულად შედის შიმშილობის პროტოკოლში, მიიღო რამდენიმე ბოთლი წვენი. ამასთან, მან განაცხადა, რომ სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად  6 ნოემბრიდან უარს ამბობს არა მარტო წვენებზე, არამედ მინერალებზე და ვიტამინებზე (გლუკოზის აბებზე).

მასალების გადაბეჭდვის წესი