ახალი ამბები

მიტროპოლიტი ნიკოლოზი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი აზიარა

8 ნოემბერი, 2021 •
მიტროპოლიტი ნიკოლოზი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი აზიარა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი აზიარა.

მიტროპოლიტის თქმით, სააკაშვილმა 40 დღე იმარხულა და ღირსეულად ეზიარა:

„მე ვიყავი საპყრობილეში, მოვინახულე საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მან მიიღო წმინდა ზიარება. მე ვაზიარე ქრისტეს სისხლსა და ხორცს. მასზე ხშირად ამბობენ, მოინანიოს, შეინანოს და მე მინდა გითხრათ, სინანული ქრისტიანული გაგებით ეს არის მოქმედება და ეს არ არის მოჩვენებით აღიარება რაღაცის იმისათვის, რომ ადამიანმა საპყრობილიდან თავი დაიხსნას, რაც სამწუხაროდ, ბევრჯერ ყოფილა. ეს არის ადამიანი, რომელიც 9 წელი საქართველოში იყო ერთპიროვნული მმართველი, რომელიც 9 წლის შემდეგ ნებაყოფლობით დაბრუნდა, ჩაჯდა ციხეში.

ქრისტიანულად ვიტყვი, 40 დღე იმარხულა ამ ადამიანმა მშრალი მარხვით. ამის შემდეგ მან თქვა აღსარება და ეზიარა. 30 წელია მე ვიღებ ადამიანებისგან აღსარებებს და ვაზიარებ ადამიანებს. არასდროს არავის მოუცია ჩემთვის შენიშვნა, რომ უღირსად ვაზიარე ადამიანი. იგი ეზიარა ღირსეულად, რა თქმა უნდა, დეტალებს მე ვერ მოგიყვებით, რა და როგორ იყო, მაგრამ მან მიიღო წმინდა ზიარება და ვისაც თვალში ეცოტავება და ეპატარავება, აი, 40 დღე იმარხულეთ, შემდეგ თქვით აღსარება, ეზიარეთ და ნახეთ, რა ღვაწლი გაწიეთ“, – ამბობს მიტროპოლიტი ნიკოლოზი.

“ეს არის ძალიან დიიდ ღვაწლი, რომელიც ამ ადამიანმა გაწია. ეს არის მსხვერპლი, რომელიც მან გაიღო ქვეყნის თავისუფლებისა და გაძლიერებისთივს, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდეს. თანამედროვე რეალობაში მე ასეთი მაგალითი არ მახსენდება. მამები აკეთებდნენ ამას, მარხვის შენახვა უჭირს ხალხს. მე შემიძლია მხოლოდ ისტორიული მაგალითები გავიხსენო, ასეთი იყო დავით მეფე, მეფსალმუნე, რომელმაც ცოდვა ჩაიდინა და ფსალმუნი დაგვიტოვა, ეს იყო დავით მეფე აღმაშენებელი, რომელმაც გალობანი სინანულისანი შექმნა იმიტომ, რომ უცოდველი არავინაა და მასაც დიდი ცოდვები ჰქონდა საკმაოდ. ბოლოს ეს იყო დემეტრე თავდადებული, ჩვენი სათაყვანო მეფე, რომელიც ძალიან მძიმე ცოდვებით იყო, სამწუხაროდ, და ეს თავისი ცოდვები მისივე მოწამეობრივი სისხლით ჩამოირეცხა”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 39-ე დღეა შიმშილობს. მთავრობა უარს აცხადებს სამოქალაქო საავადმყოფოში მის გადაყვანაზე.

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრები გამოაქვეყნა, რომელიც ციხეში, ექიმების კაბინეტში არის გადაღებული. პენიტენციური სამსახური ასევე ასაჯაროებს იმ პროდუქტების ამსახველ ფოტომასალას, რომელიც, უწყების ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს. აღნიშნული ვიდეომასალა ნათლად ასახავს იმას, თუ როგორ იღებს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში”, — ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნულის შემდეგ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 6 ნოემბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული, ფოტო და ვიდეომასალის მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყო.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შემოწმების დაწყების პარალელურად აღნიშნავს, რომ არსებითად მნიშვნელოვანია მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა.

პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებულ კადრებს გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნა, რომ „კადრების სამარცხვინო გამოქვეყნება“ მას ვერაფერს დააკლებს. მისი თქმით, ყველაფერი, რასაც ციხეში იღებს, დოკუმენტირებულია, თუმცა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ფოტოებზე ასახული საკვები არ უნახავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი