ახალი ამბები

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია – პენიტენციური

7 ნოემბერი, 2021 •
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია – პენიტენციური

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და ის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

პენიტენციური სამსახური ამბობს, მიხეილ სააკაშვილს, მისი თანხმობის საფუძველზე, დაწესებულებაში ჩაუტარდა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები, „რომელთა პასუხები ამ ეტაპზე არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა“.

უწყების თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმების გამო მასთან კლინიკა „ვივამედის“ ექიმები შევიდნენ.

„5 ნოემბერს ჩატარებულ კონსილიუმზე, რომლის შემადგენლობაში იყო რეანიმატოლოგი და ნევროლოგი, მათ შორის, სააკაშვილის პირადი ექიმიც, პატიმარმა დააფიქსირა ჩივილები – თვალის ტკივილი და სურდო. ამის გათვალისწინებით, გაიცა რეკომენდაცია, რომ მიხეილ სააკაშვილთან ოფთალმოლოგი და ოტორინოლარინგოლოგი შესულიყო.

პრევენციის მიზნით კონსილიუმმა დაგეგმა კარდიოლოგის კონსულტაციაც, რომელიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება. ორივე ექიმ-სპეციალისტის თქმით, ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილს რაიმე მწვავე პათოლოგია არ გამოვლენია“, – აცხადებს პენიტენციური სამსახური.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 38-ე დღეა შიმშილობს. მთავრობა მის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს.

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ მისი მდგომარეობა შესაძლოა რამდენიმე საათში კრიტიკულზე კრიტიკული გახდეს. ამის შესახებ მან დღეს, 7 ნოემბერს, სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

ყიფშიძის თქმით, მას შემდეგ, რაც პენიტენციურმა სამსახურმა მისი კადრები გამოაქვეყნა, სააკაშვილმა უარი თქვა  სიცოცხლისთვის საჭირო წამლებისა და მინერალების მიღებაზე და ახლა საჭიროა, რომ კონსილიუმის წევრები სასწრაფოდ შეხვდნენ და გადაწყვეტილება მიიღონ.


6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კადრები გამოაქვეყნა, რომელიც ციხეში, ექიმების კაბინეტში არის გადაღებული. პენიტენციური სამსახური ასევე ასაჯაროებს იმ პროდუქტების ამსახველ ფოტომასალას, რომელიც, უწყების ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს. აღნიშნული ვიდეომასალა ნათლად ასახავს იმას, თუ როგორ იღებს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში”, — ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნულის შემდეგ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 6 ნოემბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული, ფოტო და ვიდეომასალის მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყო.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, შემოწმების დაწყების პარალელურად აღნიშნავს, რომ არსებითად მნიშვნელოვანია მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა.

პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებულ კადრებს გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნა, რომ „კადრების სამარცხვინო გამოქვეყნება“ მას ვერაფერს დააკლებს. მისი თქმით,  ყველაფერი, რასაც ციხეში იღებს, დოკუმენტირებულია, თუმცა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ფოტოებზე ასახული საკვები არ უნახავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი