მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ მისი მდგომარეობა შესაძლოა რამდენიმე საათში კრიტიკულზე კრიტიკული გახდეს. ამის შესახებ მან დღეს, 7 ნოემბერს, სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
ყიფშიძის თქმით, სააკაშვილმა უარი თქვა სიცოცხლისთვის საჭირო წამლებისა და მინერალების მიღებაზე და ახლა საჭიროა, რომ კონსილიუმის წევრები სასწრაფოდ შეხვდნენ და გადაწყვეტილება მიიღონ.
„თავს გრძნობს მხნედ, პრობლემები არ აქვს მეხსიერებასთან დაკავშირებით, მაგრამ სამამიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა წამლების მიღებაზე, ტესტების გაკეთებასა და გადასხმებზე და არ უნდა არაფრის გაკეთება ამ დაწესებულებაში. მედიკოსების ჩარევა[„ვივამედის“] არ არის ახლა ისეთი მნიშვნელოვანი, ეს იყო ადრე დაგეგმილი ვიზიტი. პრეზიდენტმა უარი თქვა ტესტების გაკეთებაზე, ასევე იმ მინერალებისა და წამლების მიღებაზე, რომელიც უზრუნველყოფდა მის ასე თუ ისე ნორმალურ ყოფნას.
ეს არის ტრაგედია. იმიტომ, რომ ზოგიერთი მაჩვენებელი უარესდება და უარესდება ყოველ საათში. ამიტომ მე ვთხოვ პირველი კონსილიუმის წევრებს სასწრაფოდ შევხვდეთ სასწრაფოდ და გადავწყვიტოთ რა ვქნათ. მისი მდგომარეობა გახდება კრიტიკულზე კრიტიკული, შეიძლება რამდენიმე საათში ან მეტ საათში, დღე არ იქნება იქნება“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 38-ე დღეა შიმშილობს. მთავრობა მის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს.
6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კადრები გამოაქვეყნა, რომელიც ციხეში, ექიმების კაბინეტში არის გადაღებული. პენიტენციური სამსახური ასევე ასაჯაროებს იმ პროდუქტების ამსახველ ფოტომასალას, რომელიც, უწყების ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს. აღნიშნული ვიდეომასალა ნათლად ასახავს იმას, თუ როგორ იღებს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში”, — ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღნიშნულის შემდეგ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 6 ნოემბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული, ფოტო და ვიდეომასალის მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყო.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, შემოწმების დაწყების პარალელურად აღნიშნავს, რომ არსებითად მნიშვნელოვანია მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა.
პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებულ კადრებს გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნა, რომ „კადრების სამარცხვინო გამოქვეყნება“ მას ვერაფერს დააკლებს. მისი თქმით, ყველაფერი, რასაც ციხეში იღებს, დოკუმენტირებულია, თუმცა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ფოტოებზე ასახული საკვები არ უნახავს.