ახალი ამბები

დისკუსიას, საჭმელი იყო თუ სასმელი, ახლა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს – სარჯველაძე

7 ნოემბერი, 2021 • 1550
დისკუსიას, საჭმელი იყო თუ სასმელი, ახლა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს – სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროება საზოგაოდების მაღალი ინტერესით ხსნის.

მისი თქმით, „არასწორად მცხოვრები პოლიტიკოსები“ ცდილობდნენ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ისეთი ინფორმაცია მიეწოდებინათ, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.

„ეს ნაბიჯი[კადრების გასაჯაროება] საიმისოდ იყო გადადგმული, რომ მოსახლეობა სწორად ინფორმირებული ყოფილიყო იმ ფაქტების შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც ყველაზე მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი[…]

ახლა დისკუსიას იმის შესახებ საჭმელი იყო თუ სასმელი, თუ რა იყო, მე ვფიქრობ, რომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის, რომ პაციენტის მდგომარეობა, ალბათ, უმჯობესია ვთქვათ პატიმრის მდგომარეობა არ არის ისეთი, როგორც ცდილობდნენ საზოგადოებისთვის ეთქვათ. ზოგიერთი არასწორად მცხოვრები პოლიტიკოსი ცდილობდა წარმოეჩინა სიტუაცია ისე, თითქოს მშრალი შიმშილობის შედეგად ადამიანი არის მომაკვდავი, მაშინ, როდესაც ასეთი ვითარება სრულებით არ არსებობს“, – განაცხადა სარჯველაძემ „რუსთავი 2-თან“.

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კადრები გამოაქვეყნა, რომელიც ციხეში, ექიმების კაბინეტში არის გადაღებული. პენიტენციური სამსახური ასევე ასაჯაროებს იმ პროდუქტების ამსახველ ფოტომასალას, რომელიც, უწყების ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო.

„“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს. აღნიშნული ვიდეომასალა ნათლად ასახავს იმას, თუ როგორ იღებს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში”, — ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნულის შემდეგ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 6 ნოემბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული, ფოტო და ვიდეომასალის მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყო.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, შემოწმების დაწყების პარალელურად აღნიშნავს, რომ არსებითად მნიშვნელოვანია მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა.

პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებულ კადრებს გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნა, რომ „კადრების სამარცხვინო გამოქვეყნება“ მას ვერაფერს დააკლებს. მისი თქმით,  ყველაფერი, რასაც ციხეში იღებს, დოკუმენტირებულია, თუმცა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ფოტოებზე ასახული საკვები არ უნახავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი