ახალი ამბები

„სუსტად გრძნობდა თავს“ – პარლამენტში მოშიმშილე ხოშტარიასთან სასწრაფო გამოიძახეს

7 ნოემბერი, 2021 • 1502
„სუსტად გრძნობდა თავს“ – პარლამენტში მოშიმშილე ხოშტარიასთან სასწრაფო გამოიძახეს

პარლამენტში, სადაც მეხუთე დღეა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია შიმშილობს, სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.

როგორც ნეტგაზეთს „დროას“ პრესსამსახურმა განუცხადა, ელენე ხოშტარია თავს სუსტად გრძნობს.

„შიმშილობის მე-5 დღეა და შედარებით სუსტად გრძნობს თავს. სასწრაფოც დღეიდან მუდმივად იქნება პარლამენტთან და ელენეს მდგომარეობის შესაბამისად გასინჯავენ ხოლმე“, – განაცხადა პრესსამსახურმა.

სასწრაფო დახმარების ექიმმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხოშტარიას გადასხმა შესთავაზეს, რაზეც მან უარი განაცხადა.

„[შიმშილობის] ფონზე სისუსტე განვითარდა. ცოტა დაბალი წნევა ჰქონდა. ახლა სტაბილურადაა. ჰემოდინამიკა სტაბილურია, პულსი, წნევა,  სატურაციის პარამეტრი ნორმალურია. ჩემი რეკომენდაცია შიმშილის ფონზე გადასმა იყო, მაგრამ უარი თქვა“, – განაცხადა სასწრაფოს ექიმმა.

პარტია “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტში შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო. როგორც ხოშტარია, რომელიც მეხუთე დღეა შიმშილობს, ამბობს, რომ  შიმშილობის განმავლობაში მხოლოდ წყალს და  უშაქრო ყავას იღებს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 38-ე დღეა შიმშილობს. მთავრობა მის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს.

ფოტო: ფორმულა

მასალების გადაბეჭდვის წესი