ახალი ამბები

„ჩვენი მკაცრი რეკომენდაცია იქნება, სააკაშვილის პროცესი ციხეში ჩატარდეს“ – მინისტრი

5 ნოემბერი, 2021 • 1614
„ჩვენი მკაცრი რეკომენდაცია იქნება, სააკაშვილის პროცესი ციხეში ჩატარდეს“ – მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, უწყების მკაცრი რეკომენდაცია იქნება, მიხელ სააკაშვილის სასამართლო პროცესი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდეს:

„ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომელშიც საუბარი იყო, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გაყვანისთვის შეეშალათ ხელი. ბუნებრივია, ჩვენ ასევე გვაქვს სხვადასხვა სახის ინფორმაცია. პრემიერმაც განაცხადა, რომ შესაძლო იყო დაგეგმილიყო ორი ოპოზიციონერის მკვლელობა და სხვადასხვა დესტაბილიზაცია.

ჩვენ ამას არ დავუშვებთ და პატიმრის უსაფრთხოება იქნება ბოლომდე დაცული. ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს მართლმსაჯულებას, მაგრამ ჩვენი რეკომენდაცია იქნება, სასამართლო პროცესი ჩატარდეს ნომერ მე-12 დაწესებულებაში. ჩვენი მკაცრი რეკომენდაცია იქნება, რომ პატიმარი არ იქნას გაყვანილი დაწესებულებიდან მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე“, – ამბობს იუსტიციის მინისტრი „რუსთავი 2-თან“.

მიხეილ სააკაშვილის პროცესი თბილისი საქალაქო სასამართლოში 10 ნეომბერსაა დანიშნული. 10 ნოემბრის პროცესი 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეს ეხება.

„თუ შეეცდებიან, რომ დისტანციურად ჩაატარონ პროცესი, ჩვენ ამაზე, რა თქმა უნდა, უარს განვაცხადებთ“, — თქვა მანამდე ერთ-ერთმა ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა.

მიხეილ სააკაშვილი 36-ე დღეა შიმშილობს. მისი თანაპარტიელები და მკურნალი ექიმები ამბობენ, რომ მდგომარეობა მძიმდება. სააკაშვილის უფლებადამცველები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი