ახალი ამბები

„გამოქვეყნდეს ყველაფერი სააკაშვილის ყოველდღიურობაზე“ – კალაძე

5 ნოემბერი, 2021 • 5854
„გამოქვეყნდეს ყველაფერი სააკაშვილის ყოველდღიურობაზე“ – კალაძე

„ქართული ოცნების“ ლიდერი კახა კალაძე აცხადებს, რომ აუცილებელია გახმიანდეს, თუ როგორ მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის ყოველდღიურობა რუსთავის ციხეში და შესაბამის სამსახურს მიმართავს, ყველაფერი „გამოამჟღავნოს და გამოაქვეყნოს“.

კალაძის თქმით, პენიტენციური დაწესებულების კლინიკა ყველანაირად მზად არის მომსახურება გაუწიოს პატიმარს, თუ ამის საჭიროება და აუცილებლობა ექნება:

„როდესაც მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გავრცელება ხდება, მე რომ ვიყო პენიტენციური სამსახურის ადგილას, მესმის, რომ პირადი ინფორმაციაა და არ აქვთ ამის უფლება, მაგრამ იმისთვის, რომ მათ მხარდამჭერებში შემოვიტანოთ სიცხადე და სიმშვიდე, ალბათ, აუცილებელია გაჟღერდეს ყველაფერი, თუ როგორ მიმდინარეობს მისი ყოველდღიურობა. კარგი იქნება, მივმართოთ შესაბამის სამსახურს, გამოამჟღავნოს და გამოაქვეყნოს ყველაფერი“, – თქვა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ ვინ იქნება პასუხისმგებელი იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილის შიმშილობა ფატალურად დასრულდება, კალაძე აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა თავად პატიმარზეა:

„პირველ რიგში, იმ ვითარებაზე და მოცემულობაზე პატიმარია პასუხისმგებელი. არავის დაუვალებია შიმშილობა. თუ ჩარევა იქნება ექიმების საჭირო, ყველა პატიმრის ჯანმრთელობა იქნება მაქსიმალურად უზრუნველყოფილი“, – ამბობს კალაძე.

მიხეილ სააკაშვილი 36-ე დღეა შიმშილობს. მისი თანაპარტიელები და მკურნალი ექიმები ამბობენ, რომ მდგომარეობა მძიმდება. სააკაშვილის უფლებადამცველები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კი აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ექიმების განსაკუთრებული მობილიზებაა და დაწესებულების მედპერსონალი მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვეღარ მართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი