ახალი ამბები

„მოსალოდნელია კოლაფსი“ – გვარამია სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

5 ნოემბერი, 2021 • 1698
„მოსალოდნელია კოლაფსი“ – გვარამია სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ აცხადებს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და მოსალოდნელია კოლაფსი.

გვარამია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საპროტესტო აქციების ორგანიზებაში ჩართული არაა და მას მხოლოდ აქტიურობისკენ მოწოდება შეუძლია. მისი თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა სთხოვა გაეხმიანებინა, რომ მთლიანად ენდობა იმ მრავალპარტიულ პლატფორმას და აქტივისტებს, რომლებიც საპროტესტო აქციების ორგანიზებას ახდენენ.

ამასთან, გვარამია სთხოვს იმ პირებს, რომლების მიხეილ სააკაშვილის სანახავად საპატიმროში შედიან, იქიდან გამოტანილი წერილები საჯაროდ არ იკითხონ და ეს განცხადებები პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის ფეისბუკ გვერდზე განთავსდეს:

„ძალიან მინდა, ყველას ვთხოვო, რომ გაუწიოთ ანგარიში იმას, რომ ადამიანი არის მძიმე მდგომარეობაში და, პირველ რიგში. ვგულისხმობ იმ სერიოზულ კვალს, რომელიც მის ფსიქიკას და აზროვნებას უკვე ეტყობა და დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში.
მდგომარეობა უცვლელად მძიმეა გუშინდლის შემდეგ და ამას გავუწიოთ ანგარიში.

გავუწიოთ ანგარიში იმას, რომ შესაძლოა, ყველა განცხადება არ იყოს ადეკვატური, ადგილი ჰქონდეს ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს. იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ მიეკუთვნება არც მსუბუქ და არც ნორმალურ კატეგორიათა მდგომარეობას, იგი არის მძიმედ“, – ამბობს გვარამია.

ამასთან, გვარამია აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილს გადაადგილება უჭირს და მას რამდენიმე ბადრაგი დაჰყვება იმისთვის, რომ გზაში არ წაიქცეს. გვარამია ასევე მოუწოდებს პირებს, რომლებიც პატიმარს მოინახულებენ, მხოლოდ ანალიზების შედეგებით არ იმსჯელონ:

„ის, რომ ფიზიკურად ფეხზე დგას და მინდა გითხრათ, რომ ესეც უჭირს და დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში, უბრალოდ, ყანყალებს ადამიანი, ფეხზე რომ დგას და დაჰყვება ბევრად მეტი ბადრაგი იმისთვის, რომ გზაში არ წაიქცეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი ბოლომდე ფსიქოლოგიურად და გონებრივადაც აკონტროლებს სიტუაციას. აღარ არის მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობაში. გთხოვთ, ამას ანგარიში გაუწიოს ყველამ. ვისაუბროთ იმაზე, რას ვხედავთ. მიშა არასოდეს არ გვეტყვის, რომ ცუდად არის და უშველონ, მაგრამ ანალიზებით, კალციუმის რაოდენობით ნუ ვიმსჯელებთ, ვიმსჯელოთ იმით, რასაც ვხედავთ და მე პირადად კარგს არაფერს ვხედავ. არ არის დამაიმედებელი ვითარება“, – ამბობს გვარამია.

ექსპრეზიდენტის ადვოკატის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და მოსალოდნელია კოლაფსი:

„სააკაშვილმა მითხრა, მისი შეგრძნებით ძალიან ცოტა დრო დარჩა კოლაფსამდე. ის არ გრძნობს თავს კარგად და ელოდება კოლაფსს. კოლაფსის შემდეგ რა მოხდება, ეს არავინ იცის. ეს არის ლატარია 50/50-ზე, რეალურად ეს ნიშნავს სიკვდილისთვის გაწირვას. თუ ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი ელოდება, როდის ექნება კოლაფსი და გადაიყვანენ საავადმყოფოში.

ეს უნდა მოხდეს მანამდე, ეს კაცი უნდა იყოს გადარჩენილი. კოლაფსის შემდეგ არავინ იცის, როგორ შემოტრიალდება ვითარება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ფიზიოლოგიური გადარჩენა არ არის მხოლოდ ჩვენი მიზანი. ჩვენი ამოცანაა მისი ფსიქიკის და აზროვნების უნარის გადარჩენა.

მივმართავ კვლავ ერთადერთ ადამიანს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, ბიძინა ივანიშვილს, ძალიან მალე ვითარება შეიძლება იყოს შეუქცევადი და ყველანი მასთან ერთად იქნებიან მკვლელები, ღიად და სწორხაზოვნად უნდა იცოდნენ ამის შესახებ“ ,- ამბობს გვარამია.

მიხეილ სააკაშვილი 36-ე დღეა შიმშილობს. მისი თანაპარტიელები და მკურნალი ექიმები ამბობენ, რომ მდგომარეობა მძიმდება. სააკაშვილის უფლებადამცველები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კი აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ექიმების განსაკუთრებული მობილიზებაა და დაწესებულების მედპერსონალი მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვეღარ მართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი