ახალი ამბები

შესაძლოა, მოსამართლეებს ბიძგი მისცა პოლიტიკურმა გარემოებებმაც — გვანცა წულუკიძე

5 ნოემბერი, 2021 •
შესაძლოა, მოსამართლეებს ბიძგი მისცა პოლიტიკურმა გარემოებებმაც — გვანცა წულუკიძე

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორი გვანცა წულუკიძე დარწმუნებულია, რომ გავლენიან მოსამართლეთა კლანი ზეწოლას განახორციელებს იმ მოსამართლეებზე, რომლებიც გაემიჯნენ საელჩოებისადმი კრიტიკულ განცხადებას.

“ნამდვილად სჭირდებათ ახლა საზოგადოების მხარდაჭერა ამ მოსამართლეებს, რომლებმაც, ფაქტობრივად, შეუძლებელი შეძლეს იმ პირობებში, რაშიც უწევთ მუშაობა. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებით სასამართლოს ერთ ხმაში გამოხატულ პოზიციას. ფაქტობრივად, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოსამართლეებმა შეძლეს საკუთარი განსხვავებული აზრის დაფიქსირება. მნიშვნელოვანია, რომ საკითხი, რომლის გარშემოც ეს პროტესტი გამოითქვა, იყო შეურაცხმყოფელი განცხადება დონორების მიმართ, რომლებსაც ათობით მილიონი დოლარი აქვთ დახარჯული სასამართლოს რეფორმაზე. განცხადება გამოქვეყნდა მოსამართლეების სახელით, თუმცა, რეალურად, იყო ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ გავრცელებული. ალბათ, ეს გახდა მოსამართლეებისათვის წითელი ხაზი, რომლის გადაბიჯების შემდგომაც მათ ჩათვალეს, რომ მეტის მოთმენა აღარ შეიძლებოდა და საკუთარი აზრი უნდა დაეფიქსირებინათ, რაც არის ძალიან მისასალმებელი და წინ გადადგმული ნაბიჯი”, — განუცხადა “ნეტგაზეთს” გვანცა წულუკიძემ.

იგი არ გამორიცხავს, რომ მეორე ფაქტორი, რამაც მოსამართლეებს განსხვავებული აზრის დაფიქსირებისკენ უბიძგა, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარებაა.

“ჩემი სუბიექტური აზრია, რომ შესაძლოა ამ ნაბიჯის გადადგმა განპირობებული იყოს იმ პოლიტიკური გარემოებიდან, რომელიც ქვეყანაში არსებობს. შესაძლოა, მოსამართლეებიც უკვე ელოდებიან, რომ შეიძლება ქვეყანაში  რამე გარდამტეხი ცვლილება მოხდეს და ამან მისცა გარკვეული ბიძგი, რომ მათ შეძლეს ხმის ამოღება. ამასთან, თავად ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადების სულისკვეთება და ტერმინოლოგია, რომლითაც საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებს მიმართავენ, მიუღებელია ბევრი მოსამართლისთვის, რადგან ეს მოსამართლეები საკუთარ თავზე ცდიან ყველა იმ სიკეთეს, რასაც ჩვენი პარტნიორები სასამართლო სისტემაში ახორციელებენ. მე უფრო ეს ფაქტორი მგონია მოსამართლეთა პროტესტის მიზეზი, თუმცა მეორე, შესაძლოა, იყოს პოლიტიკური რყევების გავლენა”, — განაცხადა წულუკიძემ.

გვანცა წულუკიძის აზრით, არასწორია ილუზიების შექმნა, რომ ერთ განცხადებაზე პროტესტით შეიძლება ძირეული გარდატეხა მოხდეს სასამართლოში.

“თუმცა ის ფაქტი, რომ მოსამართლეებმა შეძლეს თავიანთი განსხვავებული აზრის დაფიქსირება, უკვე ძალიან მნიშვნელოვანია და არის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი, როდესაც შეეწინააღმდეგნენ მოსამართლეთა უმრავლესობის აზრს”, — ამბობს წულუკიძე.

აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების კრიტიკის პასუხად მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებას 15-ზე მეტი მოსამართლე გაემიჯნა. ისინი პოზიციას ძირითადად ფეისბუკზე, პოსტებისა და კომენტარების სახით აფიქსირებენ. გვანცა წულუკიძე ელის, რომ მათი რაოდენობა კიდევ რამდენიმე მოსამართლით გაიზრდება.

საუბარია 4 ნოემბრის განცხადებაზე, რომელშიც “გადაჭარბებულად” არის შეფასებული ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოების კრიტიკა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევის გამო. კონფერენციის ადმინისტრაციულმა კომიტეტმა საელჩოებს „ვენის კონვენციის პატივისცემისკენ“ მიუთითა.

“ასეთი შეფასებები შეურაცხმყოფელია” – მოსამართლეები EU-ს და აშშ-ის საელჩოებს პასუხობენ

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი