“ფაიზერის” წარმოების ექსპერიმენტული მედიკამენტი (პაქსლოვიდი) მოზრდილებში კორონავირუსით ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილის რისკს 89%-ით ამცირებს. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკური კვლევების შედეგებზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.
“ფაიზერის” თავმჯდომარის და აღმასრულებელი დირექტორის, ალბერტ ბურლას განცხადებით, პრეპარატს პაციენტების სიცოცხლის გადარჩენის პოტენციალი აქვს, ასევე 10-დან 1-მდე ამცირებს ინფიცირების სიმძიმეს და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს.
BBC-ის ინფორმაციით, ცდებში 1 219 მაღალი რისკის მქონე პაციენტი მონაწილეობდა. შუალედურმა შედეგებმა აჩვენა, რომ იმ პაციენტების 0,8%-ს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, ვინც პაქსლოვიდი მიიღო. კვლევაში ჩართული პლაცებო ჯგუფის წევრებში კი ჰოსპიტალიზაცია 7%-თვის გახდა აუცილებელი. რაც შეეხება სიკვდილიანობას, პაქსლოვიდის მიღების შემდეგ კვლევაში ჩართული არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა, პლაცებოს ჯგუფიდან კი 7 ადამიანი დაიღუპა.
ისინი პრეპარატს კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენიდან სამი დღის განმავლობაში იღებდნენ.
სიმპტომების გამოვლენიდან ხუთი დღის განმავლობაში მკურნალობისას კი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა იმ ადამიანების 1%-ს, ვინც პაქსლოვიდს იღებდა, მათგან არცერთი გარდაცვლილა. პლაცებო ჯგუფის შემთხვევაში კი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა ჯგუფის 6.7%-ს, 10 მათგანი კი გარდაიცვალა.
კვლევაში ჩართული ყველა მონაწილე იყო ხანდაზმული ან ჰქონდა ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები. ყველა მათგანს კორონავირუსის მსუბუქი და ზომიერი სიმპტომები აღენიშნებოდა.
BBC-ის ცნობით, პრეპარატი პაქსლოვიდი მძიმე დაავადებების მქონე ადამიანებმა სიმპტომების გამოვლენიდან მალევე უნდა მიიღონ.
აღნიშნული პრეპარატი შექმნილია იმ ფერმენტების დასაბლოკად, რომელიც ვირუსს გამრავლებისთვის სჭირდება.
კომპანია “ფაიზერი” აცხადებს, რომ პრეპარატთან დაკავშირებული ცდები მალევე შეწყვიტა, რადგან მისი პირველადი შედეგები პოზიტიური იყო.
ამასთან, კომპანიამ განაცხადა, რომ პრეპარატის წარდგენას FDA-სთვისაც გეგმავს.
გამოცემა Bloomberg-ის ცნობით კი, “ფაიზერს” არ დაუსახელებია კონკრეტული თანხა, თუ რა ეღირება წამალი, თუმცა თქვა, რომ მაღალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს უფრო ძვირის გადახდა მოუწევთ, ვიდრე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს.
ამასთან, კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ “ფაიზერი” წლის ბოლომდე წამლის 180 000 შეკვრის წარმოებას გეგმავს, მომავალი წლისთვის კი აპირებს, რომ ეს რიცხვი 50 მილიონამდე გაზარდოს, საიდანაც 21 მილიონს წლის პირველ ნახევარში აწარმოებს.