ახალი ამბები

საპატრიარქოც და სასამართლოც სააკაშვილის მიმართ ანტიჰუმანურად იქცევა — გვარამია

4 ნოემბერი, 2021 • 1210
საპატრიარქოც და სასამართლოც სააკაშვილის მიმართ ანტიჰუმანურად იქცევა — გვარამია

„მთავარი არხის“ დირექტორი და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო და სასამართლო სააკაშვილთან მიმართებით არაჰუმანურად იქცევიან.

გვარამიას თქმით, სააკაშვილის ადვოკატების მიმართვა, რომ მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა დაუყოვნებლივ აღსრებულიყო, სასამართლომ დაახარვეზა.

რაც შეეხება საპატრიარქოს, როგორც გვარამია ამბობს, საპატრიარქოს შეწყალებაზე განაცხადი პრეზიდენტთან წლების განმავლობაში შეწყალების კომისიის გვერდის ავლით თავადაც შეჰქონდა და ახლა სააკაშვილისგან ითხოვენ, რომ შეწყალებაზე განაცხადი თვითონ შეიტანოს.

„დღეს ორმა ინსტიტუციამ საქართველოში გვითხრა უარი მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვაზე. ერთი არის საპატრიარქო, რომელმაც თქვა, რომ შემოიტანეთ განაცხადი და განვიხილავთ… და მეორე, ეს არის საქართველოს სასამართლო სისტემა, სადაც შევიტანეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ აღსრულების ღონისძიების გამოცემის თაობაზე და რა გგონიათ, რა ქნა? — ხარვეზით გამოგვაბრუნა უკან.

სულ რომ მართლა ხარვეზი ყოფილიყო ამ განცხადებაში, სამი სიტყვა რომ ყოფილიყო ჩაწერილი, „სააკაშვილი კვდება, გთხოვთ, გასცეთ განკარგულება, გადაიყვანეთ სამოქალაქო კლინიკაში“, სულ რომ მარტო ეს ყოფილიყო, სასამართლოს ეს უნდა გაეკეთებინა და მისდია ფორმალიზმს. გამოაბრუნა ხარვეზით იმ დროს, როცა ყოველი საათი ადამიანისთვის არის მნიშვნელოვანი. ერთიც და მეორეც, საპატრიარქოც და სასამართლოც, იქცევა იდენტურად, რასაც ჰქვია ანტიჰუმანურობა“, – განაცხადა გვარამიამ.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი