ახალი ამბები

სააკაშვილის ანალიზების მონაცემები არის ძალიან შემაშფოთებელი – ადვოკატი

4 ნოემბერი, 2021 •
სააკაშვილის ანალიზების მონაცემები არის ძალიან შემაშფოთებელი – ადვოკატი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ მისი ანალიზების პასუხები შემაშფოთებელია.

როგორც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ დღეს, 4 ნოემბერს, სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, მისთვის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მისი თქმით, სააკაშვილს წონის 10%-ზე მეტი, 20 კილოგრამამდე, აქვს დაკლებული.

„გვაქვს ანალიზების მონაცემები, რომელიც არის ძალიან შემაშფოთებელი. ცილების მაჩვენებელი არის უკვე სასიცოცხლო ნიშნულისთვის პრობლემა, დედიმერი არის ძალიან პრობლემური, პულსისა და წნევის კონტროლი დღითიდღე რთულდება, ბილირუბინის ფერმენტი არის მომატებული კრიტიკულად, რაც ღვიძლის ფუნქციის განხორციელებას უშლის ხელს.

ამ ფონზე პენიტენციური სამსახურის განცხადებები, რომ ყველაფერი წესრიგშია, არის მტკნარი სიცრუე და ეს არ არის ჩვენი ინტერპრეტაცია. გუშინ ვნახეთ, რომ ორი ექიმის შეყვანა გახდა საჭირო სისტემის მიღმა – პულმონოლოგისა და კარდიოლოგის. ეს ნიშნავს, რომ პენიტენციური სამსახური ვეღარ მართავს პაციენტის მდგომარეობას და მიხეილ სააკაშვილი საჩქაროდ არის გადასაყვანი სამოქალაქო კლინიკაში, რამდენადაც ამას ითხოვს 10 დღეზე მეტი დღის წინ კონსილიუმის გადაწყვეტილება, სახალხო დამცველის დასკვნა. მას შემდეგ, რაც დრო გავიდა, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება და მძიმდება“, – განაცხადა ბექა ბასილაიმ.

მიხეილ სააკაშვილი 35-ე დღეა, რაც შიმშილობს. მისი თანაპარტიელები და მკურნალი ექიმები ამბობენ, რომ მდგომარეობა მძიმდება.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კი აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ექიმების განსაკუთრებული მობილიზებაა და დაწესებულების მედპერსონალი მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვეღარ მართავს.

ამასთან, უწყებაში ადასტურებენ, რომ ციხეში შევიდა “ვივამედის” ანგიოლოგი და დაგეგმილია პულმონოლოგის პრევენციული ხასიათის ვიზიტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი