ახალი ამბები

საქართველოში მონოკლონური ანტისხეულების პრეპარატების გამოყენება იწყება

3 ნოემბერი, 2021 • 1477
საქართველოში მონოკლონური ანტისხეულების პრეპარატების გამოყენება იწყება

დღეს, 3 ნოემბერს, ჯანდაცვის სამინისტროში  კლინიკური საბჭოს წევრებს შეხვედრა გაიმართა, რომელზეც Covid-19-ით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის მონოკლონური ანტისხეულების გამოყენების საკითხი განიხილეს.

“კლინიკური ჯგუფისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი მედიკამენტების დანერგვის ხელშეწყობა და კიდევ ერთხელ იყო მსჯელობა, რა პროტოკოლით მოხდება მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება, რომელიც ქვეყანამ დონაციის სახით გერმანიის მთავრობისგან და აშშ-სგან მიიღო. უკვე მზად ვართ, რომ მათი გამოყენება დაიწყოს”, — განაცხადა შეხვერის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, საქართველოში ხელმისაწვდომია ორი განსხვავებული მონოკლონური ანტისხეულის პრეპარატი. პირველი არის კასირივიმაბი და იმდევიმაბი, რომლის გამოყენება მოხდება იმ ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის, რომლებსაც დამძიმების მაღალი რისკი, მაგალითად, არიან 65 წელს ზემოთ, აქვთ შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა, ჰიპერტენზია და სხვა საყურადღებო მდგომარეობა ჰოსპიტალიზების მომენტში.

მონოკლონური ანტისხეულების მეორე ჯგუფის — ბამლანივიმაბი და ეტესევიმაბის — გამოყენება იგეგმება შედარებით მსუბუქი პაციენტებისთვის დაავადების ადრეულ ეტაპზე.

“ეს იქნება პაციენტი, რომელსაც შესაძლოა სჭირდებოდეს მკურნალობა კოვიდ-სასტუმროში ან იყოს ბინაზე. ოჯახის ექიმები გააკეთებენ იდენტიფიცირებას იმ პაციენტების, ვისაც თანმხლები დაავადების გამო დამძმების მაღალი რისკი აქვთ”, — დასძინა თამარ გაბუნიამ.

კლინიკური საბჭოს წევრის, ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელ თენგიზ ცერცვაძის თქმით, მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება არაუგვიანეს 5-7 დღეში დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი