ახალი ამბები

ენმ-ის დამკვირვებლის თანახმად, მას თავს დაესხნენ და მობილურიდან კადრები წაუშალეს

3 ნოემბერი, 2021 • 1197
ენმ-ის დამკვირვებლის თანახმად, მას თავს დაესხნენ და მობილურიდან კადრები წაუშალეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლის, მარიამ დრტადიანის განცხადებით, ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას, 30 ოქტომბერს, 10 მამაკაცი დაესხა თავს.

მისი განცხადებით, თავდამსხმელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და წაართვეს მობილური ტელეფონი, საიდანაც წაუშალეს გადაღებული კადრები.

„მოქალაქეებმა მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ჯგუფი იდგა (საარჩევნო უბანთან) და მთხოვეს გამერკვია, თუ რა ხდებოდა იმ ადგილას.

მანქანიდან ვცადე კადრის დაფიქსირება, რა დროსაც დაახლოებით 10 მამაკაცი გამოიქცა ჩემკენ. წამართვეს ტელეფონი, შემდეგ გადავედი მანქანიდან და მოვითხოვე ტელეფონის დაბრუნება, რა დროსაც ერთმა მეორეს გადააწოდა მობილური და უთხრა, რომ გაქცეულიყო და ყველა კადრი წაეშალა.

ამის შემდეგ, დაახლოებით 5-6 მამაკაცი მიჭერდა, მირტყამდა, მაყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ასევე მემუქრებოდნენ, რომ თუ არ გავჩერდებოდი, მომკლავდნენ“, — განუცხადა მარიამ ტრდატიანმა „მთავარ არხს“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლებით, რაც ძალადობასა და მუქარას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი