ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჩვენ, “ლტოლვილი” ბავშვები – დავით ჯიშკარიანი

3 ნოემბერი, 2021 • 2719
ჩვენ, “ლტოლვილი” ბავშვები – დავით ჯიშკარიანი

თბილისში, ევროპელების ფულით, საქართველოში არსებულ ეთნიკური კონფლიქტების შესახებ მორიგი შეხვედრა გაიმართა.  დამსწრეთა უმრავლესობაც ამ საკითხებზე მომუშავე ხალხი იყო.  შეხვედრის მერე ჩემს მეგობარ მიშასთან ვსაუბრობდი. ისიც სოხუმშია დაბადებული. ერთ თაობის ვართ. ორივე თავს იმ ქალაქის ნაწილად მივიჩნევთ, რომელშიც არ გვიცხოვრია და რეალურად ბევრი არაფერი ვიცით მასზე. ვლაპარაკობდით ადგილზე, რომელშიც ჩვენი არაფერი აღარაა, მოგონებაც კი. ჩვენ ხომ ის ხალხი ვართ, ვისაც  იქ მხოლოდ ბავშვობის მცირე ნაწილის გარდა არაფერი გვინახავს.  გასახსენებელიც  საკუთარი არ გვაქვს, სხვების მონაყოლს ვყვებით.  ხან დღევანდელ პოლიტიკას შევეხეთ, ხან ნაცნობების ამბები მოვიკითხეთ, მივედეთ და მოვედეთ.  უცებ მიშამ არგუმენტისთვის მოიშველია  „ჩვენ, „ლტოლვილი“ ბავშვები.“ ადრე ამაზე არ დავფიქრებულვარ, არ მიმექცევია ყურედღება,  როგორ ვცდილობთ მუდმივად ვილაპარაკოთ წარსულზე, გამოსავალი ვეძებოთ, ვიჯაჯღანოთ იმაზე, რაც დიდად არც პოლიტიკურ ელიტას და არც სხვა ჯგუფებს აინტერესებთ. 

ჩვენ დავემსგავსეთ მეორე მსოფლიო ომის ბავშვების თაობას, რომელთათვის ომი, შიმშილი, ძალადობა, სიკვდილი და უპერსპექტივობა არა შორეული და ხელმიუწვდომელი, არამედ ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო.  გავხდით ის ბიჭები, რომლებიც 1956 წელს რომში, იტალიურად გამოცემულ წიგნში ჰყავს აღწერილი პიერ პაოლო პაზოლინის. მოზარდები, რომლებიც რომში ცხოვრობენ, ყოველდღიურ ორომტრიალში არიან, მაგრამ ეს რომაული ცხოვრება ძალიან განსხვავებულია ტურისტული რომისგან. მეორე მსოფლიო ომის თაობის მსგავსად, ჩვენც მარტივი ნივთები, საკუთარი, გამოგონილი თამაშები და ელემენტარული პირობები გვაბედნიერებდა. 

ჩვენი თაობისათვის ცხელი წყალი, სითბო და “კერასინკა” (იყო ასეთი გათბობის საშუალება, ვინც არ იცით) ბედნიერება იყო.  საქართველოში 1990-იანი წლების მძიმე სოციალურ პირობებს “ლტოლვილები” ვემატებოდით. საბუთებში ყველაფერი პოლიტკორექტულად ეწერა,  იძულებით გადაადგილებული პირი (ადგილმონაცვლეები). თუმცა ეს მხოლოდ საბუთებში იყო დე ფაქტოდ. რეალურ ცხოვრებაში კი “ლტოლვილი დათო”, “ლტოლვილი მიშა”, “ლტოლვილი თამრიკო” …. ვიყავით.  

სამოქალაქო ომში თავიდან ბოლომდე ჩაფლულ, ეკონომიკის უქონელ, გახლეჩილ და თავად არაფრის მქონე სახელმწიფოს არ შეეძლო, რამე ხელშესახები დახმარება აღმოეჩინა ამ ადამიანებისათვის. ხალხისთვის, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, საკუთარი საცხოვრებელი სივრცე ეთნიკური კუთვნილების გამო დატოვებინათ. ნაციონალურმა იდენტობამ კი მათ  მიგრაციაში გადამწყვეტი ფაქტორი შეასრულა. დაიძრა ეს არაფრის მქონე, გაჭირვებული ხალხი და დახვდა ასევე გაჭირვებული, სამსახურდაკარგული, ეკონომიკურად მოშლილი საზოგადოება. რთულად მიიღეს ერთმანეთი, ხშირად ვერც მიიღეს. 

დევნილებისთვის ხშირად უცნობი იყო, სად მიდიოდნენ და რა ელოდათ წინ. საცხოვრებელი ფართების, სასტუმროების ან სხვა ტიპის შენობების დაკავებისას მათდა უნებურად დანარჩენ მოქალაქეებს ართმევდნენ სამუშაოსა და სარჩოს.  თავადაც რას ითხოვდნენ, არც არაფერს, მხოლოდ თავზე ჭერს. სრულმა სიღარიბემ და სიღატაკემ დაიკავა ყოველდღიურობა. 

მცირე ეკონომიკური რესურსისათვის გაშმაგებული ბრძოლა დაიწყო. განსხვავებულ ენობრივ, ეკონომიკურ და სოციალურ სივრცეში გაზრდილი ხალხი სრულიად უცხო გარემოში აღმოჩნდა. მძიმე რეალობა კი ინდივიდების მეხსიერებაში განსხვავებულად აღიბეჭდა.  

ერთმა მასწავლებელმა სკოლაში მითხრა, ეს “ლტოლვილები” რომ გამოიქეცით და არ იომეთ მანდ, რა, კახელები იომებდნენ თქვნს მაგივრადო ? გაბრაზებულმა ის ვუთხარი-  ჩემი ოჯახიდან, ვინც საჭირო იყო, ის ომობდა-მეთქი.  ისე ბავშვის მეხსიერება რა ოხერი რამეა.  ამ მასწავლებელს ჩემთვის ბევრი კარგი რამე აქვს გაკეთებული, ბევრჯერ გადავურჩენივარ ხიფათსა და 90-იანი წლებისათვის დამახასიათებელ უბედურებას. თავქუდმოგლეჯილი დაგვსდევდა და ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავდა.  მე კი პირველად მაინც ეს მახსენდება და რა ვუყო – მეწყინა. არ ჰქონია მას მიზნად ჩემი გულისწყვეტა, არც ის უნდოდა, ჩემს მეხსიერებას ეს დარჩენოდა. სხვა რამეზე გაბრაზებულმა თქვა ის, რასაც ალბათ კლასს გარეთ საუბრობდნენ და უცებ ამოხეთქა. 

ახლა ფსიქოლოგები ამას ტრავმას ეძახიან, სხვა პროფესიის ხალხიც გამოუძებნის მას სახელს. ეს შეიძლება ყველაფერი ერთად აღებულიც იყოს და არც იყოს.  თითოეული ჩვენი თაობა საკუთარ მისიას ვასრულებთ ისტორიაში და ეს ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება.  ჩვენს თაობას კი ერთი ასეთი მისია გვაკისრია. ეს არის 1990-იან წლებზე საუბარი, რომელიც ნელ-ნელა, ჩურჩულით, მაგრამ იწყება საქართველოში.

ეს არაა პატარა ამბავი. უფრო მეტიც, დიდი მოვლენაა.  პირველად საქართველოში თაობა იწყებს საუბარს დამოუკიდებელ საქართველოს დაბადებაზე, არა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფ ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიებზე, არა ირანსა და ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოზე, არამედ დამოუკიდებლობაგამოცხადებულ ქვეყანაზე, წარსულზე, რომელიც ყოველდღიურობაზე, ეკონომიკაზე, პოლიტიკაზე ახდენს გავლენას. ჩვენი პოლიტიკური და ბიზნესელიტებიც ხომ რეალურად 1990-იან წლებში ჩამოყალიბებული სისტემის შემქმნელები ან მას მორგებული ხალხია. 

ისტორიულად მსგავს დისკუსეიებს საქართველოში მწერლები იწყებდნენ. სწორი იყო აკა მორჩილაძე, 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნისას რომ თქვა ,,აი, ამ დიდი ისტორიული, როგორ გითხრათ, დამანგრეველი თუ აღმაშენებელი ქარტეხილების მიუხედავად, მწერალი მაინც რჩება საქართველოში გამორჩეულ ფიგურად, ეს ისეთი ადამიანია, რომელიც ყოველთვის იქ არის, სადაც ყველა არასდროს არ არის და, ამავდროულად, იქ არის, სადაც ყველა ყოველთვის მოიყრის თავს. ეს არის ჩვენი, ქართველი მწერლების ამბავი.“

ამ ქვეყანაში მწერლობა (მწერლობა და არა ლიტერატურული შარლატანობა, ეს ორი სხვადასხვა რამეა) მართლა წინ უსწრებს პოლიტიკურ თუ სხვა ტიპის ელიტებს.

აფხაზეთზე, სოხუმში კონფლიქტზე წერდნენ ომის დასრულების მერე. წერდნენ კარგად და ძირითადი აქცენტი საომარ მოქმედებებსა და წარსულზე იყო.  ზოგიერთი ავტორი  ბუნებრივად წერდა და ცდილობდა გაეხსენებინა ის ამბები, მოვლენები, რომლებიც მრავალეთნიკურ თანაცხოვრებას აღწერდა. ზოგმა ომი იმგვარად აღწერა, რომ ამას არც ლიტერატურული ფორმები დაჰკლებია და არც მწერალი ჯარისკაცის თვითირონია. ადამიანურ ტრაგედიებზე ხომ წერეს და წერეს ჩვენმა მწერლებმა. თუმცა ბოლო წლებში გამოსულმა ლიტერატურამ დისკუსია სრულიად სხვა კუთხით წარმართა.

ლადო ფოჩხუამ თავის ნაწარმოებში მისი ბიოგრაფია გაიხსენა და ინტერვიუში აღნიშნა, რომ სოხუმში დაბრუნება აღარ უნდა, რადგან ის სოხუმი, რომელიც მას ახსოვს და რომელიც მისი მეხსიერებით ცხოვრობს, აღარ არსებობს.  ფსიქოლოგმა ელენე ჯაფარიძემ ძალიან მძიმე ისტორიების გახსენებას მისცა გზა და ეს არის ჭუბერზე მომავალი დევნილი ქალების გაუპატიურების ამბები, რომელზეც ყველა დუმს, მაგრამ ადამიანები, რომლებმაც ეს უბედურება გადაიტანეს, გეტყვიან, რომ მსგავსი ფაქტები ხდებოდა და ამ ძალადობას ქართველები სჩადიოდნენ.

ამ თემასაც ეხება მიშა ბახსოლიანის რომანი ,, კანიბალიადა“, რომელიც კარგად, ერთ სიტყვით აღწერს იმ ყველაფერს, რაც 1990-იან წლებში ხდებოდა, ადამიანთა მიერ ერთმანეთისათვის სიცოცხლის მოსპობა და ამით საკუთარი ფიზიოლოგიური მოთხოვნილების, შიმშილის დაკმაყოფილება. 

ლიტერატურის მერე კი ჯერი საზოგადოებრივ მეცნიერებებზეა.  სკოლებში, საჯარო მეხსიერების ადგილებში გვასწავლიან, რომ 27 სექტემბერი ეროვნული ტრაგედიის დღეა. ეს მართლაც ასეა. თუმცა ამ ტრაგედიით 1990-იანი წლების პორცესები არ დასრულებულა. ეს ტრაგედიაც ხომ არსებული პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი იყო.  ამ დღის მერე დევნილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ზუგდიდში დაბრუნდა და ხალხს მოუწოდა, თბილისი გაეთავისუფლებინა. მერე იწყება მისი დევნა მთა- მთა, პრეზიდენტის სიკვდილი და დღემდე პასუხგაუცემელი სიკვდილი. 

სხვათა შორის, ჟიული შარტავას კაბინეტში ცნობილი საუბრის შინაარსი ისაა,  რომ ე.წ. ზვიადისტების ჯარები დაეხმარონ უკანდახეულ მებრძოლებს.  აფხაზეთში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ სამოქალაქო ომი დასავლეთ საქართველოში კიდევ გრძელდებოდა. პოლიტიკური ელიტები ერთმანეთს ებრძოდნენ. აქ მნიშვნელოვანი კითხვა მაინც ისაა, ვის აღელვებდა ამ დროს დევნილები ? არავის. დევნილები მოდიოდნენ და მოდიოდნენ, ტანჯვით, შიმშილით და წვალებით. მოდიოდნენ იქ, ცხოვრებას იწყებდნენ იქ, სადაც მათ არავინ ელოდა და არც არავის უნდოდა. 

ჩვენ მაშინ ბავშვები, ახლა კი, აგერ, შუა ასაკს მიკაკუნებულები, თუ პიერ პაოლო პაზოლინის ამბებს გავიხსენებთ, ჩვენ ყველანი იმ ბავშვობიდან მოვდივართ, როდესაც ყველანი უცებ, ჩვენდა უნებურად,  სამწუხაროდ, „ლტოლვილი“ ბავშვები  გავხდით და ასეთებად დავრჩებით. ამ ბავშვებს წარსულის შეცვლა არა, მაგრამ იმ წარსულზე საუბარი, განსჯა და მის ისტორიულ ნაწილად ქცევა მაინც შეუძლიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი