ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში ბიტკოინის მაინინგ-ფერმები რეგიონისთვის ნამდვილ კატასტროფად იქცა | DRI

3 ნოემბერი, 2021 •
აფხაზეთში ბიტკოინის მაინინგ-ფერმები რეგიონისთვის ნამდვილ კატასტროფად იქცა | DRI

ორგანიზაცია “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” [DRI] აფხაზეთში ენერგოკრიზისის გამომწვევ ფაქტორებზე და ამ კუთხით რუსულ ასპექტებზე მოკვლევას აქვეყნებს, სადაც კრიზისის გამომწვევ ძირითადად მიზეზად აფხაზეთში ბიტკოინის მაინინგ-ფერმებს განიხილავს, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება ვერ ებრძვის.

“ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარში სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ენგურჰესის გათიშვამ აფხაზეთი ღრმა ენერგოკრიზისში ჩააგდო. ვითარება ვერც სამუშაოების დასრულების შემდეგ გამოსწორდა. რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის იმპორტის სისტემა ვერ აეწყო და დე ფაქტო ხელისუფლებისთვის ენერგოკრიზისი დღესაც გადაუჭრელ გამოწვევად რჩება”.

ისევე როგორც დარგის ექსპერტები, ორგანიზაციაშიც მიიჩნევენ, რომ ელექტროენერგიის დეფიციტს აფხაზეთის ენერგოსისტემაში ბიტკოინის მაინინგ-ფერმები ქმნის, საქართველოს ენერგოსისტემიდან, კერძოდ, „საზიარო“ ენგურჰესიდან აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდებამ კი ჩრდილოვანი ეკონომიკის ეს დარგი ააყვავა და “რეგიონისთვის ნამდვილ კატასტროფად” აქცია.

“გარდა იმისა, რომ მაინინგ-ფერმების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობა მიწოდების კოლაფსს იწვევს და განუზომლად დიდ სოციალურ ტვირთად აწევს რიგით მომხმარებელს, ის, ასევე, ხელს უშლის სხვა ტიპის ეკონომიკური საქმიანობის წარმოებას და გაშლას. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ამ გამოწვევისთვის თავის გართმევის გზებს, ბიტკოინის მაინინგ-ფერმების აღკვეთის გარდა , საზოგადოებას ვერაფერს სთავაზობს. თუმცა წარმატება არც ამ თვალსაზრისით ჩანს. რამდენი მაინინგ-ფერმაც არ უნდა დახურონ, ამ ჩრდილოვან სექტორში ჩართულ აქტორებს ყოველთვის შეუძლიათ, სანაცვლო ფერმები გამართონ”.

აფხაზეთში კორუფციის მასშტაბებიდან გამომდინარე, ბიტკოინის წარმოებით შექმნილი შემოსავალი, როგორც DRI-ის მოკვლევაში წერია, “ამ არალეგალური ბიზნესის მფლობელებსა და ისევ დე ფაქტო ხელისუფლების და მისი ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს შორის ნაწილდება”.

ამასთან, აღნიშნული მიმართულებით ორგანიზაციაში რუსეთის ფაქტორზეც საუბრობენ.

“ეს ვითარება ცხადყოფს ენერგოკრიზისში რუსეთის ფედერაციის არაერთგვაროვან როლს. ერთი მხრივ, რუსეთი იღებს ვალდებულებას, დაეხმაროს თავის პროტეჟე დე ფაქტო ხელისუფლებას აფხაზეთის ენერგომომარაგების უზრუნველყოფაში. ამისათვის ენერგეტიკის თანადაფინანსების პრინციპიც არსებობს. ენერგოსისტემის მართვის უუნარობის გამო აფხაზეთი თავისი წილ პასუხისმგებლობას ვერ ასრულებს, კერძოდ, ვერ ახერხებს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ამოღებას და არც რუსეთის ფედერაცია იღებს ვალდებულებას, რომ თავისი ბიუჯეტიდან თანხა გამოყოს.

დღის წესრიგში დგება ენერგომიმწოდებელი ქსელის პრივატიზაციის საკითხი, რაც, როგორც ჩანს, რუსეთის ინტერესებშია და რასაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება აყოვნებს. ამჟამად აფხაზეთის ენერგოსისტემას ე.წ. დახურული ტიპის სახელმწიფო სააქციო საზოგადოება „ჩერნომორენერგო“ მართავს. აფხაზეთში ეჭვს გამოთქვამენ, რომ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება მის შეძენას გეგმავს, მანამდე კი ენერგოკრიზისის მარწუხებში მოქცეული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა, სავარაუდოდ, ვერც გამოსავალს იპოვის და ვერც სრული გაზიფიკაციის დაპირებულ პროექტს მიიღებს, რომელიც შეძლებდა ამ კრიზისის სოციალური ფასის გარკვეულწილად შერბილებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი